„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების (ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომი) თანამდებობის პირთა 2020-2021 წლის დეკლარაციები. კვლევის დროს შევისწავლეთ მერიებისა და საკრებულოების 144 თანამდებობის პირის დეკლარაცია. 49 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა, ასევე გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 28 თანამდებობის პირიდან 11-ს სხვადასხვა დარღვევა აქვს.
სტეფან ეზოიანი – ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
სტეფან ეზოიანს 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში უწერია, რომ მეუღლე, ჯემმა კაროიანი შპს „ჯავახეთის პროფესიული კოლეჯის“ დირექტორია, თუმცა არ აქვს მითითებული, რომ იგი ამავე შპს-ს 90% წილის მფლობელია. ასევე, ეზოიანმა არ მიუთითა, რომ მისი შვილი, სათენიკ ეზოიანი 2017 წლის ნოემბრიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
როზა იორდანიანი – ახალქალაქის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი:
როზა იორდანიანს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე, ვლადიმერ გოგოლაძე 2014 წლის თებერვლიდან შპს „ელგის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია.
მაგდა ამირშადიანი – ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი:
მაგდა ამირშადიანი ააიპ ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ბუღალტრადაც მუშაობს, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა.
არტაშეს აბგარიანი – ახალქალაქის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტორის სამსახურის უფროსი:
არტაშეს აბგარიანს 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ 2011 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული.
რუბენ აბაჯიანი – ახალქალაქის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი:
რუბენ აბაჯიანს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე, ასია აბაჯიანი 2001 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა. რუბენ აბაჯიანის დეკლარაციების თანახმად, იგი 2018 წლიდან პარალელურად მუშაობს შპს “ვიქტორია სექიურითში” მენეჯერის პოზიციაზე, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა.
გაიოზ ლომსაძე – ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:
გაიოზ ლომსაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პარალელურად არის შპს „მეეკის“ ფინანსური მენეჯერი. მან ეს ინფორმაცია დეკლარაციაშიც აღნიშნა, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა. „მეეკი“ ნინოწმინდა-ახალქალაქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახს ეკუთვნის. 2010 წლიდან
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ააიპ-ები და შპს-ები საწვავს გამარტივებულად ყიდულობდნენ შპს “მეეკისგან”. კომპანიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ ფაქტებზე „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო“ 2020 წლის იანვარში წერდა. გაიოზ ლომსაძე საკრებულოში არჩევამდე შპს „მეეკის“ დირექტორი იყო.
კობა გოხაძე – ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე:
კობა გოხაძეს 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ 2010 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა, დეკლარაციაში არც ის უწერია, რომ 2018 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა მისი შვილი, ზურა გოხაძეც.
სედა მელკუმიანი – ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე:
სედა მელკუმიანი საკრებულოში დაკავებულ თანამდებობასთან ერთად ხელმძღვანელობს ორ ააიპ-ს: ააიპ „სამცხე-ჯავახეთის ხალხთა მეგობრობას“ და ააიპ „სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსათვის“, რაც, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, შეუთავსებელი საქმიანობაა.ეს ინფორმაცია მან 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა.
სიპან შიპაკციანი – ახალქალაქის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე:
სიპან შიპაკციანს 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისმა მამამ, პაველ შიპაკციანმა და დედამ, ქიშმიშ წორმუტიანმა 2016 წელს ფააფუძნეს კოოპერატივი „აზავრეთი“ და მისი დირექტორები არიან. ასევე, დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ დედა 2007 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა.
ანდრანიკ მურადიანი – ახალქალაქის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე:
ანდრანიკ მურადიანმა 2020 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ იგი კოოპერატივ „რუბენ 2014-ის“ დირექტორია. მურადიანს ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი შვილი რუბენ მურადიანი ინდივიდუალური მეწარმეა.
სარკის მელიქიანი – ახალქალაქის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე:
სარკის მელიქიანს 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ უწერია, რომ ძმასთან, გევორკ მელიქიანთან ერთად, 2019 წლის მარტში კოოპერატივი „მიმოზა“ დააფუძნა. გევორკ მელიქიანი ამ კოოპერატივის დირექტორია. მელიქიანმა დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ მისი ძმა გევორკ მელიქიანი, მამა აშოტ მელიქიანი და დედა ანაიტ მელიქიანი ინდვიდუალური მეწარმეები არიან. აღსანიშნავია, რომ გევორკ მელიქიანთან ახალქალაქის მერიამ, 2019 წლის ივლისში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 19,999 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.