“ბაქოში გახსნილი ე.წ. პარკი, რომელიც არცახის ომს მიეძღვნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს აზერბაიჯანის სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილ გენოციდისა და არმენოფობიურ პოლიტიკას”, – პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გახსნილ “ომის პარკს” სომხეთის სახალხო დამცველი, არმან თათოიანი განცხადებით ეხმაურება.
“გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალით ჩანს, რომ “პარკში” გამოფენილი ექსპონატები სომხეთისა და არცახის სომეხი მოქალაქეების მიმართ სიძულვილის დათესვას ემსახურება, რასაც სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელთა გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომლებიც მიესალმებიან პრეზიდენტის ინიციატივას. მთელი წარმოდგენა ცინიკურ ხასიათს ატარებს და საჯაროდ ამცირებს ომის მსხვერპლ ადამიანებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებსა და ტყვეებს, ლახავს მათი ოჯახების უფლებებსა და ღირსებას. დამატებითი ტანჯვას აყენებს დაღუპულთა ოჯახებსა და მთლიანად სომხურ საზოგადოებას.
მტრობის წახალისება სახელმწიფო დონეზე არის მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები სასტიკად აწამებდნენ და კლავდნენ სომეხ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, დაუფარავად, ცინიკურად და ამასთან, არ ეშინოდათ პასუხისმგებლობის, პირიქით, დარწმუნებული იყვნენ რომ მათი ეს ქცევა შექებას დაიმსახურებდა”.
სომხეთის სახალხო დამცველი გეგმავს აღნიშნული ვრცელი განცხადება საერთაშორისო სტრუქტურებს გაუგზავნოს ყურადღების მისაქცევად იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები აქეზებს წამებას, სისასტიკეს და აბსოლუტურად არღვევს მშვიდობას და სოლიდარობას რეგიონში.
12 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ომის პარკი გახსნა. პარკში წარმოდგენილია მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანული არმიის მიერ მოპოვებული მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკა და გათხრილი სანგრები. გარდა ამისა, პარკში წარმოდგენილია ცვილის ფიგურები, რომლებიც მოწინააღმდეგეთა ოფიცრებს განასახიერებენ.
ყარაბაღის მეორე, 2020 წლის ომში აზერბაიჯანმა შეძლო კონტროლი აღედგინა იმ რაიონებზე, რომლებიც ყარაბაღის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შედიოდა, თუმცა, პირველი ომის შედეგად, სომხური მხარის კონტროლქვეშ აღმოჩნდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა მთიანი ყარაბაღის ქალაქები, შუშა და ჰადრუთიც.