რესტორანი „ემიგრანტი“ ახალციხეში, 10 000 ლარით დაჯარიმდა. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიუხედავად, ობიექტმა, რამდენიმე მაგიდაზე ჯავშანი წინასწარ მიიღო და მოქალაქეებს უპრობლემოდ უმასპინძლა.

«შაბათ-კვირას ჩვეულებრივად ვმუშაობდით. რესტორანი გახსნილი იყო, ამის გამო დაგვაჯარიმეს. შეზღუდვის შესახებ ვიცოდით, რეგულაციებს ვიცავთ, მაგრამ იყო რაღაც-რაღაცები, ანუ სტუმრები მივიღეთ», – განაცხადა tv9news-თან საუბრისას რესტორნის მენეჯერმა.

კითხვაზე – თუ აკრძალვის შესახებ იცოდნენ, რატომ მიიღეს სტუმრები, მენეჯერმა განაცხადა, რომ ეს უფროსის გადასაწყვეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კვების ობიექტის დაჯარიმების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კვების ობიექტებს შაბათ-კვირას მუშაობა ეკრძალებათ.