საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. ხელისუფლების ხელმძვანელმა შეარჩია სიმბოლური თარიღი- 9 აპრილი- 1989 წელს თბილისში ტრაგიკული მოვლენების თარიღი და დღე, როცა 1991 წელს როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და დამსწრეებს, 7 აპრილს, მდინარე ენგურის გადაცურვის მცდელობისას საქართველოს ოთხი მოქალაქის დაღუპვის გამო, წუთიერი დუმილი ითხოვა. SOVA გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის ნაწყვეტებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ.
1989 და 1991 წლებში 9 აპრილის მოვლენებზე
«დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან, თუმცა 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ».
კორონავირუსის პანდემიის შესახებ
«თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა. აქ საჭირო არის პოზიციების და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება. ასეთ დროს კი სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა თუ თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას. ისიც მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან».
ეკონომიკასა და ლოქდაუნზე
«ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს. ამ კრიზისიდან დაღწევაში, სოლიდარობა გვჭირდება, როგორც არასდროს. ერთიანი ძალისხმევა, რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლება, ინვესტიციების მოზიდვას და მაქსიმალურად გავუწოდოთ ხელი ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენებს.»
ნამახვანჰესის მშენებლობაზე
«ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს. ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის.სასურველია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით».
ოპოზიციაზე
«ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით.ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არაა და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.ამიტომ ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება».
აღმოსავლეთის შუამავლობაზე
«მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც ზოგჯერ პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფასილიტატორებს დავარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ყოფილა. ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, შეიძლება კიდევაც, ვაჟკაცობა.
კრიზისიდან გამოსვლაზე
«ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“ და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. ოპოზიციას კი – იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური ერთადერთი მისაღები გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალურად პოლიტიკური მოღვაწეობა სურთ».
Sova.news