11 ივლისს მთელი საქართველო 5 ივლისს მომხდარი არეულობების დროს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის გარდაცვალებამ შეაშფოთა.

ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტურ საზოგადოებას და უსამძიმრებს ჟურნალისტის ოჯახს და ახლობლებს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მკვლელობად მივიჩნევთ და მოვითხოვთ მთავრობამ უზრუნველყოს ჟურნალისტების დაცვის სისტემა.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისის დილას ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ ბინაში იპოვეს. ექვსი დღის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ის სასტიკად სცემეს ლგბტ+ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა. ოპერატორმა სახის ძვლების მოტეხილობები მიიღო და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ბოლო დღეები ის სახლში იყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლაშქარავა “პირველი” არხის, დილის ეთერის ერთ-ერთი გადაცემას ესტუმრა, სადაც მან 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.

სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტრავმით გამოწვეული თრომბოემბოლიაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს – “თვითმკვლელობამდე მიყვანა”. საქმის ფარგლებში სასამართლომ სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა. გამომძიებლებმა ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის უფლება მისცა.

5 ივლისს თბილისში რადიკალების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ათეული ფაქტი დაფიქსირდა. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ლგბტ+ თემის მხარდასაჭერად დაგეგმილი “ღირსების მარშს”. 50-ზე მეტი მედიის თანამშრომელი, ოპერატორები, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები დააზარალა მათმა ქმედებამ.