2022 წლის აპრილში ქუთაისის აეროპორტი 59 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც ორი წლის წინანდელი, პანდემიის დაწყებამდე პერიოდის 87%-ია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების ასოციაცია ავრცელებს.
ფრენების აღდგენის დინამიკას რაც შეეხება, 2019 წლის აპრილთან შედარებით, ახლა მათი რაოდენობა 10%-ით მეტია. კერძოდ, აპრილში ქუთაისის აეროპორტმა 240 რეისი შეასრულა, 2019 წლის აპრილში კი – 219.
ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ახორციელებენ რეგულარულ ფრენებს 25 მიმართულებით 14 ქვეყანაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველომ რეგულარული ფრენები თითქმის ერთი წლით, 2021 წლის თებერვლამდე შეწყვიტა.
ამჟამად, ქვეყნის სამ საერთაშორისო აეროპორტზე – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – საქართველოში შემოსული ტურისტების 45%-მდე მოდის. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2022 წლის იანვარ-აპრილში 820,8 ათასი შეადგინა, რაც 272,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო პანდემიამდე მაჩვენებლის 36,2%-ია.