როგორც ზურაბიშვილმა აცრისას განაცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოება და ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიდეს.
ამ პროცესის პარალელურად პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა თვითიზოლაციაში გადასვლა რისკების თავიდან აცილების მიზნით მიიღო, ვინაიდან მას კონტაქტი ჰქონდა პრემიერ–მინისტრთან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
სალომე ზურაბიშვილი კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს საჯაროდ აიცრა, მეორე დოზით კი მას აცრა 4-12 კვირის შუალედში მოუწევს. მან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო. 6 აპრილის მონაცემებით ჯამურად სულ აცრილია 12 846 ადამიანი.