საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის მიმართ და აღნიშნა, რომ როგორც მისი, ასევე გარდაცვლილის ოჯახის თხოვნაა, საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული.
გარდა ამისა, ობოლაშვილმა კოლეგებს სთხოვა, არსებული პროცედურების შესაბამისად, მეგი ბაქრაძის ოჯახისთვის კომპენსაციის გაწევის საკითხი განიხილონ.
„მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ, ის აქტიური იყო ამ უხილავ მტერთან – კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება. ოჯახის მოთხოვნა და ასევე, ჩემი თხოვნაა, გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რომ ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. ასევე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იყოს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ, მეგი ბაქრაძეს სიცოცხლე დავუბრუნოთ, თუმცა მისი ოჯახის და მისი შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ საშინელი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას“,-განაცხადა ობოლაშვილმა.