პირველი აპრილიდან ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისად, ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება. ამასთან სააგენტოს ინფორმაციით, სერვისცენტრებში ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
თუკი 1-ლ აპრილამდე ძველი სანომრე ნიშნები ახლით არ ჩანაცვლდება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს დააჯარიმებენ.
2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტომ ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად სანომრე ნიშნების გაცემა ახალი დიზაინით დაიწყო.
სანომრე ნიშნის ზედა მარცხენა კუთხეში – საქართველოს სახელმწიფო დროშა, ქვედა მარცხენა კუთხეში – ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). სანომრე ნიშნის დაცვისთვის გამოყენებულია ანტიფროდი – სახელმწიფო გერბის ჰოლოგრამა, ის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში ასევე გამოიყენება დაცვის სხვა მექანიზმები. შეიცვალა ციფრების და ლათინური ასოების თანმიმდევრობა: ცენტრში სამი ციფრია, რიცხვების მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორ-ორი ასო მდებარეობს.