ახალქალაქის ციხესიმაგრეში მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიება დღეს გაიმართება. 13:00 საათისთვის ახალქალაქში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან.
“ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე 265 სტუმარია დაპატიჟებული.
ადგილზე იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თავად რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, აგრეთვე, ახალქალაქისა და ნინოწმინდას თვითმმართველობების წარმომადგენლები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები, სახელმწიფო და მუნიციპალური ადმინისტრაციული სამსახურების თანამშრომლები. როგორც წესი, ახალქალაქში მმართველი პარტიის შეკრებებზე მუნიციპალური დაწესებულებების ყველა წარმომადგენელი იკრიბება, მათ შორის საჯარო სკოლების მასწავლებლებიც. თუმცა, ამჯერად ისინი შეხვედრაზე არ არიან.
დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მსგავსი ღონისძიების გამართვა ნინოწმინდაშიც იგეგმება.