ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც მოსახლეობა იძულებულია ელემენტარული პირობების გარეშე იცხოვროს. ასეთ სოფლებს განეკუთვნება სოფლები აფნია და გოგაშენი.
ამ სოფლებს სხვა სოფლების მსგავი პრობლემები აწუხებთ, რასაც ხალხი თითქოს შეეგუა.
ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა გზების სავალალო მდგომარეობა, ტრანსპორტის ნაკლებობა, რის გამოც, ახალქალაქამდე მისასვლელად ტაქსიში 40-45 ლარის გადახდა უწევთ.
სოფლის მოსახლეობისთვის წყლის საკითხიც პრობლემაა, გარდა იმისა, რომ სარწყავი წყალი არ არის, მოსახლეობას სასმელი წყალიც კი არ აქვს სახლში.
მაგრამ მთავარ პრობლემად ითვლება გაზიფიცირება, უფრო სწორად მისი არარსებობა. ორივე სოფელში გაზი არ არის, ამიტომ ხალხი სახლების გასათბობად შეშას იყენებს.
სოფელ აფნიას მცხოვრები გივი აღნიშნავს: ძვირად ვყიდულობთ შეშას, ხოლო დახმარების სახით სახელმწიფოსგან მწირი რაოდენობით ვიღებთ შეშას.
სოფელ გოგაშენის სკოლის დირექტორმა, ეთერ ნადირაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმუშევრობა სოფლის მტკივნეული პრობლემაა. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს სოფელში დაბრუნება არ სურთ, რადგან სოფელში სამუშაო არ არის.
„რაც შეეხება სკოლას, მას ბევრი პრობლემა აქვს, მაგალითად, სპორტული დარბაზის არქონა, რის გამოც მოსწავლეები ფიზკულტურის გაკვეთილებზე შემოიფარგლებიან კლასებში ჭადრაკის თამაშით, ქუჩაში კი მხოლოდ თბილ ამინდში შეიძლება თამაში, ისიც მხოლოდ ეზოში და არა საბავშვო მოედანზე“.
Jnews-ი ამ სოფლებში არსებულ პრობლემებს კვლავ დაუბრუნდება.