შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით აცხადებს სტაჟირების პროგრამას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.

სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ COVID-19 პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სტაჟირების პროგრამა 2020 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ამჟამად კი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სტაჟირების პროგრამაში ჩართულობაზე მზაობას გამოთქვამენ ცალკეული სახელმწიფო უწყებები.
,
უწყებების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. – http://gov.ge/s/52994
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, 4 აპრილამდე, შემდეგ ბმულზე – http://gov.ge/s/32c00