არაქართულენოვანი სკოლების „უფროსმა“ მასწავლებლებმა სტატუსის მოსაპოვებლად, გამოცდის ჩაბარების გარდა, უნდა გაიარონ გრძელვადიანი მოდული და ქართული ენის შემსწავლელი კურსები, თუ უნივერსიტეტი საქართველოში არ დაუმთავრებიათ.
2021 წელს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებმა, რომლებმაც საგნისა და პროფესიული კომპეტენციის (ზოგად უნარებში) გამოცდა მინიმუმ 1 ქულით ჩააბარეს, 2022 წლის 1 იანვრიდან გამონაკლისის სახით უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღეს. სტატუსი მიიღეს იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც პროფესიულ გამოცდაში 10 ქულა დააგროვეს.
მასწავლებლის სტატუსის გასაუმჯობესებლად, ზემოაღნიშნული გამოცდების გარდა, გარკვეული კურსების გავლაა საჭირო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა JNEWS-ს შემდეგი ინფორმაცია აცნობა:
„ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა დაასრულოს გრძელვადიანი მოდული. თუ საგნის გამოცდაში 10 ქულა დააგროვა, თუმცა განათლება სხვა ქვეყანაში აქვს მიღებული, უნდა ჰქონდეს ენის (ქართული) ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი და გაიაროს გრძელვადიანი მოდული. სხვა შემტვევაში მხოლოდ გრძელვადიან მოდულს გადის”.
ახალქალაქის სკოლებში ბევრმა მასწავლებელმა ჩააბარა გამოცდა და ელოდნენ, რომ კოლეგების მსგავსად სტატუსს მიიღებდნენ. თუმცა სტატუსის მისაღებად მეტი საფეხურის გავლა უწევთ.
მასწავლებლის სტატუსის ამაღლების გამოცდებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბევრმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ბარიერი ვერ გადალახეს.
ექნებათ თუ არა არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა, ჯერჯერობით უცნობია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის გზით სტატუსის მინიჭებაა.
ამ საკითხზე JNEWS-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ასე უპასუხა: „ჯერჯერობით გაურკვეველია მიეცემათ თუ არა გამოცდის ხელახლა ჩაბარების შესაძლებლობა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს, ეს საკითხი განიხილება. საბოლოო პასუხი მალე გახდება ცნობილი“.
2018 წელს ახალქალაქის რეგიონში მხოლოდ 60 მასწავლებელს ჰქონდა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, 2019 წელს – 88, 2021 წელს – 342, ხოლო 2022 წელს – 709 (ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ JNEWS-ისთვის მოწოდებული აპრილის მონაცემებით).
მასწავლებლის სტატუსის მოპოვება უზრუნველყოფს არა მხოლოდ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, არამედ შესაძლებელს ხდის უფრო მაღალი ხელფასის მიღებას.