წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღეს შედგა სატელეფონო კონსულტაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე „კოვაქსის“ წარმომადგენლებთან.
„დაზუსტდა დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი „ფაიზერის“ ქვეყანაში შემოტანის. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, ასევე კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა „ფაიზერმა“ იმ ცენტრებზე, სადაც მოხდება ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან და ვაქიცინაციის ადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია, შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა „ფაიზერის“ სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, არის გარკვეული სიახლეები „ასტრაზენეკის“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებითაც.
„იუნისეფმა“ უკვე მიიღო დასტური „ასტრაზენეკასგან“ პირველი დოზების მოწოდებაზე, ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც საქართველოსთვის არის განკუთვნილი, 129 600 დოზა, მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ. პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან“ და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრისგან. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოს უნდა დაიწყოს. ყველა ინფორმაცია, რომელიც „ფაიზერს“ სჭირდება ვაქცინაციის გამოშვებისთვის აქვს. ასევე აქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს. ვაქცინები დღევანდელი ინფორმაციით, შემოვა ქვეყანაში 22 მარტის კვირაში. „ფაიზერის“ დოზა არის 29 250, როგორც ეს იყო დაანონსებული. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოწოდებული ვაქცინა. ჩვენი ინფორმაციით, ეს იქნება კორეაში წარმოებული ვაქცინა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში მედპერსონალი აიცრება.
გაბუნია აცხადებს, რომ მედპერსონალის ჯგუფში არის 57 ათასი ადამიანი.
„ამ ეტაპზე, ვაქცინას რასაც მივიღებთ, ეს გასწვდება მედპერსონალს. მედპერსონალის ჯგუფში არის 57 ათასი ადამიანი, რომლის ვაქცინაცია იგეგმება პირველ ეტაპზე. ამიტომ, ეს პირველი მოწოდება განკუთვნილი იქნება სამედიცინო პერსონალისთვის და დაფარავს მათ საჭიროებებს. თუმცა, მალევე, აპრილში ველოდებით დამატებით დოზებს, რაც მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზეც. რა თქმა უნდა, ის ეტაპობრიობა, რაც გეგმაში გვაქვს, მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.