ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ. უწყების ცნობითვე, 3 მარტის მდგომარეობით სპეცილურად შექმნილ საიტზე, გერმანიაში დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 95 ათასამდე ადამიანმა გაიარა.
“საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ.
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული,”-აცხადებენ სამინისტროში.
გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ:
ასაკი – 18-დან 60 წლამდესოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილებაარ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი.სასურველია გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. გერმანიის საკვებისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე დასაქმების საპილოტე პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ 500- ადგილიანი კვოტაა დაწესებული. საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო საგენტო “ნეტგაზეთის” ამ კითხვას არ პასუხობს, მოქალაქეებს კი სააგენტოს ფეისბუკ გვერდზე ასე პასუხობენ: “ამ ეტაპზე 500 აპლიკანტის დასაქმება იგეგმება, მაგრამ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა კვოტა გაიზარდოს”.