ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფემიციდის საქმეზე „ა. გ. საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება მიიღო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საქმე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალს ეხებოდა, რომელიც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. საიას ცნობით, ქალი გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში პოლიციას დახმარებას სთხოვდა, თუმცა სამართალდამცავმა უწყებებმა სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინეს და  დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს.

საიამ, European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის 9 აგვისტოს შეიტანა. რომელიც მოწმობდა, რომ სახელმწიფომ ქალის გარდაცვალების პრევენცია ვერ შეძლო. თუმცა მსხვერპლმა გარდაცვალებამდე პოლიციას 16-ჯერ მიმართა, მაგრამ ყოფილი მეუღლის სისტემატური ძალადობა არ აღკევეთეს. საქმე არ გამოიძიეს როგორც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა და ფემიციდი. დანაშაულის გამოძიებისას თუ სასამართლოზე გენდერის ნიშნით სიძულვილი და დამამძიმებელი გარემოებები არ გაითვალისწინეს.

სასამართლომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლით განიხილა.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო დაუდევრობა, რამაც მსხვერპლი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ეფექტურად არ გამოიძიეს. თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი არც ფემიციდს დაუკავშირეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემაზეც. მიუხედავად იმისა, რომ 16 შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ 13-ჯერ საპატრულო ეკიპაჟი გაგზავნა და 3-ჯერ შემაკავებელი ორდერი გასცა, სასამართლოს შეფასებით, სამართალდამცავებმა ქალის დახმარების თხოვნაზე ყურადღება არ გაამახვილეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზამ შესაბამის ორგანოებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ ეს საკითხები. გამოძება დაზარალებულის მხრიდან განცხადების არარსებობამ ან საჩივრის გატანამ არ უნდა შეაფერხოს. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველები თითოეულ განცხადებას ცალკე შემთხვევად განიხილავდნენ და სისტემურ ძალადობად არ მიიჩნევდნენ, ანუ რისკი არასათანადოდ შეაფასეს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „ოჯახში ძალადობა თითქმის არასდროს არის ერთჯერადი ინციდენტი. ის კუმულაციურ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ ძალადობას მოიცავს“.

სახელმწიფოს დარღვევებით გამოწვეული შედეგის გამო, მორალური ზიანისთვის 20 000 ევროს, ხოლო ხარჯებისთვის 12 600 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.