ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ტურისტულმა ინდუსტრიამ 30 მილიონ ლარზე მეტით იზარალა, თუმცა ეს არ არის ზუსტი ციფრი.
მინისტრის განმარტებით, ვირუსის გამო საქართველოზე, ისევე, როგორც გლობალურ ეკონომიკაზე ზემოქმედება არ არის ზუსტი მათემატიკა. ამგვარად უპასუხა თურნავამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულებით შემდეგ ჟურნალისტებს კითხვაზე, – პანდემიის გამო, ჩინეთისა და ირანის მიმართულებით ფრენების აკრძალვით, რამდენით იზარალა საქართველომ?
„ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ჩვენს შემთხვევაშიც, ვირუსის გავრცელების დინამიკაზე და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებულია. არის საკითხები, რომლებიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე ციფრები და მოლოდინები იცვლება, თუმცა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება ზუსტი ციფრი, რადგან ვუყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა დინამიკა უნდა ჰქონდეთ ფრენებს, რა დინამიკა უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან ტურისტების შემოსვლას ან ჩვენი მოქალაქეების იქ გამგზავრებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის კვალდაკვალ შეიცვლება და ზარალის შესახებ ციფრებიც დაზუსტდება.
„ცალსახაა, რომ გლობალური ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს კორონავირუსის გამო, აქაც არ არის ჯერ კიდევ საბოლოო გათვლები, საბოლოო პროგნოზი, სხვადასხვა ციფრი სახელდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.