კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, ქართულ ტრადიციულ ხალხმრავალ სუფრებს – ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, მოსახლეობა მზად უნდა იყოს, რომ მსგავსი შეზღუდვები გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდება.
„ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებულნი, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს. არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საგანგებო ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის თვალსაზრისით.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გატარდეს.
“საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას; ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ბუნებრივია, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ სათანადო ღონისძიებები გაატაროს დედაქალაქის მერიამაც. პირველ ეტაპზე მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი”, – აცხადებს კახა კალაძე.
13 მარტიდან, თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება:
მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა;
თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები; შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულება – ამ კუთხით მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისზე და ათივე სერვის ცენტრში.
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკაონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
“რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი მოქალაქეების ვირუსის გავრცელების რისკისგან დასაცავად და რა თქმა უნდა, ყველა ერთად, აუცილებლად შევძლებთ მსოფლიოს ამ გამოწვევის დაძლევას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა კახა კალაძემ.