დღეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური 2020 წელს შესრულებული სამუშაოებით დეპუტატების წინაშე წარსდგა. დეპუტატებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ.
დღეს, 16 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როზა იორდანიანმა 2020 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში 182 ტენდერი გამოცხადდა, რომელთაგან 30 ვერ შედგა. 2020 წელს ტენდერებიდან ეკონომიამ 152 862 ლარი შეადგინა.
დეპუტატი გაიოზ ლომსაძე დაინტერესდა, რატომ იმარჯვებენ ისეთი კომპანიები, რომლებმაც უკვე ცუდად განახორციელეს პროექტები, რაზეც როზა იორდანიანმა უპასუხა, – იმისთვის, რომ კომპანია არ დაუშვან, ის შავ სიაში უნდა იყოს. კომპანიები იქ მიღებული კომისიის შეფასებით შედიან, ხოლო ამ კომისიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება არ არის მიღებული არცერთი კომპანიის მიმართ.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, შარშან ტენდერები ვერ შედგა იმის გამო, რომ მონაწილეები არ იყვნენ. დეპუტატმა ჰამლეტ მოვსისიანმა ტენდერებში მონაწილეობის სურვილის არქონის მიზეზზე ისაუბრა.
“მსურველი ცოტაა, რადგან პროექტებში, ხარჯთაღრიცხვებში ყველაფერი არ არის წესრიგში და არასრულფასოვნად იმართება, დამპროექტებელი პროექტს თბილისიდან ადგენს, ადგილმდებარეობის უნახავად და შეუსწავლელად, ადგილზე მისვლის გარეშე. GPS-ით ადგნენე ფოტოებს, პროექტს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას. ტენდერიც ამის საფუძველზე ცხადდება”, – თქვა ჰამლეტ მოვსისიანმა.
ბევრი დეპუტატი დათანხმდა მოსაზრებას, რომ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, ასევე აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურის მხრიდან სუსტი კონტროლის პრობლემაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან პროექტებზე კონკურსი შემოწმების გარეშე ცხადდება.
როზა იორდანიანი დეპუტატებს დაეთანხმა იმაში, რომ სამუშაოს ხარისხი პროექტზე და ხარჯთაღრიცხვაზეა დამოკიდებული, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხები მის განყოფილებაში აღარ არის კომპეტენტური.
დეპუტატები, ასევე, დაინტერესდნენ, როგორ იღებს კომპანია დასკვნას, მოწმდება თუ არა დასკვნის მიმცემის მუშაობა? შარშან, რატომ იყო ბევრი პირდაპირი შეთანხმება.
როზა იორდანიანის თქმით, პირდაპირი მოლაპარაკებები ძირითადად “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გაფორმდა. ისინი იძულებულნი იყვნენ პირდაპირი შეთანხმებები შეედგინათ.
“არის ტენდერები, რომლებიც, რამდენჯერმე გამოვაცხადეთ, მაგრამ მონაწილეები არ იყვნენ, იძულებულნი გავხდით პირდაპირი შეთანხმება შეგვედგინა”, – განმარტა როზა იორდანიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ინტერესდებოდა, დიდ პროექტებზე ტენდერები შემოდგომით, რატომ ცხადდება და არა წლის დასაწყისში?
“უკეთესი იქნება მოცულობით პროექტებზე ტენდერები წლის დასაწყისში გამოცხადდეს. კომპანიებმა წლის დასაწყისში დაახლოებით იციან, როგორია ზამთრის სამუშაო, ზაფხულის სამუშაო, რომელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს შეასრულებენ. ასევე, ეფექტისთვის არ არის საჭირო ბევრი სამუშაოს ერთ ტენდერში გაერთიანება, მიუხედავად მათი ერთგვაროვნებისა. ასე საქმე გაუმარტივდებათ მომუშავეებსაც და შემმოწმებლებსაც“,- თქვა ნაირი ირიციანმა.
განიხილეს წლეულს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიმდინარეობა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დაფინანსების მოცულობა წლეულს არ შეცვლილა. მუნიციპალიტეტმა 2020 წელს დაახლოებით 922 000 ლარი მიიღო.
როზა იორდანიანმა გამოთქვა იდეა, სოფლებში პრიორიტეტული სამუშაოების შერჩევა საკრებულომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” დამტკიცებამდე დაიწყოს.
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ხშირად ფინანსები იხარჯება, თუმცა შედეგი არ არის.
დეპუტატმა, სიპან შიპაქციანმა გამოთქვა მოსაზრება, შესაძლებელია თუ არა, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული სამუშაოები სოფლის მოსახლეობამ შეასრულოს.
“თუკი შესაძლებელია, გამონაკლისის სახით, ამ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა სოფლის მოსახლეობას მისცენ, მაგალითად, თუკი ტენდერით 10 ქუჩის განათება უნდა გაგვეკეთებინა, ტენდერის გარეშე 15-ის დამონტაჟება შეგვიძლია”, – განაცხადა სიპან შიპაქციანმა.