იურიკ უნანიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. ის  პირველი არჩეული მერია, მანამდე მერს საკრებულო ირჩევდა. წელს იურიკ უნანიანი მელკონ მაკარიანმა ჩაანაცვალა.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია დასრულებული და წარუმატებელი პროექტების  შესახებ, უნანიანის  მერობის  პერიოდში დაუმთავრებელ სამუშაოებზე.

ყოფილი მერი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტში ყოფნისას პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამოყოფდა და არ ყოფილა ისეთი პროექტი, რომელიც დაიწყო და ვერ დაასრულა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყველაზე სუსტ წერტილებზე ვფიქრობდით. მთავარი მიზანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, რისთვისაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთეთ, იყო ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა. ეს შეიძლება იყოს ასფალტირება, სოფლებში მცირე პროექტები, მაგალითად, საბავშვო ბაღების შეკეთება, მშენებლობა და ა.შ. მაგალითად, გავხსენით ახალი საბავშვო ბაღები სოფელ კარწახში, სულდაში, კულიკამში, მიმდინარეობს მშენებლობა სოფელ კუმურდოში, გოგაშენში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ რაღაც დავგეგმეთ, გავაკეთეთ, არც ერთი პროექტი არ დარჩენილა ჰაერში. ნებისმიერი დაწყებული პროექტი სრულდებოდა. ძირითადად, ჩვენ ჩავატარეთ ასფალტის სამუშაოები, 4 წელიწადში დაახლოებით 50 კმ-მდე გზა დავაგეთ რაიონში ფონდ MGF-ის დაფინანსებით. წინა წლებთან შედარებით, ბევრი სამუშაო გაკეთდა. სოფლებში რომ დავდიოდით, ვხედავდით, რომ ხალხი ძალიან ბედნიერი იყო“.

დასრულებული სამუშაოების ჩამონათვალში იურიკ უნანიანი სკოლებში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზეც საუბრობს, როგორიცაა სოფელ აზავრეთისა და დილისკას სკოლების შენობების რემონტი, ასევე სველი წერტილების გარემონტება სხვა სკოლებში.

„თითოეული პროგრამის სრულად დასრულება შეგვეძლო, თუ მეტი ფინანსური შესაძლებლობა გვექნებოდა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თანხები სწორად გავანაწილეთ, თორემ ბევრი დაუმთავრებელი საქმეა. მაგალითად, ბევრ სოფელში ასფალტის მოწყობას ჯერ კიდევ დრო სჭირდება, ამ წლებში თუ დასრულდება, დიდი სამუშაო გაკეთდება. პირველი ორი წლის განმავლობაში საუკეთესო სამუშაო იყო სოფლამდე მიმავალი გზის დაგება, ეს მონაკვეთი საშინლად ჭუჭყიანი იყო, ხალხი საერთოდ ვერ დადიოდა გზაზე.

ეს გზა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ავაშენეთ, ვიცი, რომ ხალხი ძალიან გახარებული იყო. გარდა ამისა, ამირანის გორაზე აშენდა პავილიონები, დასასვენებელი ადგილი, ხალხიც კმაყოფილი დარჩა. დღეს იქ, ხალხი დასასვენებლად მიდის, მანამდე დასაჯდომი ადგილიც არსად იყო. ”

ყოფილი მერი აღნიშნავს, რომ საქალაქო პარკის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება და არსებული მცირე დაფინანსების პირობებში, მისი თქმით, ძალიან ლამაზი გამოდის. ასევე გარემონტდა სამხედრო ქალაქის ქალაქთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.

„თუ რამე დაუმთავრებელი რჩება,  ობიექტური მიზეზების გამო, ანუ არ გვქონდა შესაძლებლობა, მაგალითად, სოფელ ხავეთში დავიწყეთ ბეტონის გზის დაგება, 3 კმ უკვე დაგებული იყო, გვინდოდა გაგრძელება, მაგრამ სამუშაოები დაუმთავრებელი დარჩა უსახსრობის გამო. გაზიფიცირების მიმართულებით ბევრი სამუშაო იყო შესასრულებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, გაზიფიცირება კვლავ პრობლემად რჩება ჩვენს რეგიონში“.

იურიკ უნანიანი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საკმაოდ სერიოზული სამუშაოები შესრულდა.  ორ სოფელში, ხორენიასა და ვარევანში, წყლის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არ მოგვარებულა, საბოლოოდ მოგვარდა.

„მერის არჩევნების დროს სოფლებში როცა დავდიოდით, 99%-ით შემიძლია ვთქვა, რომ არსად არ ყოფილა პრეტენზია, რომ საქმე წამოვიწყეთ და შუა გზაზე მივატოვეთ, სადაც შევპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და არ გავაკეთეთ. ზედმეტია იმის თქმა, რომ ჩვენს რეგიონს ბევრი პრობლემა არის, ისინი უნდა მოგვარდეს“.

უნანიანი განუხორციელებელ პროექტებს მხოლოდ ობიექტურ ფინანსურ პრობლემებს უკავშირებს. ასეთ პროექტებს შორის 2 700 000 ლარის ღირებულების პროექტს გამოყოფს, რომელიც ამირანის გორის ტურისტულ ზონად გადაქცევას ითვალისწინებს. პროექტი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ უსახსრობის გამო არ განხორციელებულა.

ახალქალაქის ყოფილი მერის თქმით, ის პოლიტიკიდან არ წასულა, თუმცა ამაზე არ საუბრობს, სამომავლო გეგმებზე საუბარს თავს არიდებს.

„პოლიტიკაში ყოფნა არ ნიშნავს თანამდებობის დაკავებას , ან დეპუტატობას, ეს მცდარი წარმოდგენაა. ვარ „ოცნების“ ოფიციალური წევრი, ერთ-ერთი ვარ, ვინც „ოცნებას“ უჭერს მხარს, სწორად აფასებს მათ საქმიანობას, მიჰყვება პარტიას, მაგრამ , რაც შეეხება მომავალს, ვერ ვიტყვი, ცხოვრება და დრო გვიჩვენებს. დღესაც მხარს ვუჭერ მათ, რადგან ძალიან მომწონს მათი შრომა, ჩემს ყველა საქმიანობაში მინახავს სხვადასხვა პარტიები, ვინ იყვნენ და როგორ ხელმძღვანელობდნენ, რა ხარვეზები ჰქონდათ ? დღეს, ჩემთვის ყველაზე მისაღები პარტია “ქართული ოცნებაა”. მე არ ვყოფილვარ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანდიდატთა სიაში, წინადადებაც რომ ყოფილიყო, შეიძლება, არც დავთანხმებულიყავი და არც მე შემითავაზებია ჩემი თავის წარდგენა“.

იურიკ უნანიანი თავის უდიდეს მიღწევად მიიჩნევს, რომ მათმა გუნდმა შეძლო ემუშავა სუფთად, კორუფციის გარეშე. შეძლო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების ადრესატამდე მიტანა.