200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა.

უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში უკვე 4 800 განაცხადია დარეგისტრირებული.

„დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, თუ აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის, (იანვრის) განაცხადებს.

ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა იანვრის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით (ვინაიდან 20 თებერვალი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (პირველი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.

დამსაქმებლების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეოინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: rs.ge და rs.ge/Covid19

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.