საპროტესტო აქცია ახალქალაქში: “გახსენით საზღვარი, რათა სამუშაოდ წასვლა შევძლოთ”
ახალქალაქში დღეს რუსეთთან და სომხეთთან საქართველოს საზღვრების დაკეტვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები საზღვრის გახსნას ითხოვდნენ, რათა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა შეძლონ.
დღეს, 31 იანვარს, 13:00 საათზე ქალაქ ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მერიასთან ხალხმა შეკრება დაიწყო. მოდიოდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის სხვადასხვა სოფლიდან, იყვნენ ახალგაზრდები და არა მხოლოდ. პროტესტის მონაწილეების უმეტესობა- ჯავახეთის მოსახლეობა იყო, რომელიც ყოველ წელს რუსეთში სამუშაოდ მიდიან.
თავიდან ხალხი ცოტათი მორიდებული და გაოცებული იყო, როცა გაიგეს, რომ აქციას ორგანიზატორები არ ჰყავდა.
შუადღეს ქალაქის ცენტრში რეგიონალური ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათაც ნახეს, რომ აქცია კონკრეტული ორგანიზატორები არ ჰყავდა. ისინი ცალკეულ ადამიანებს უახლოვდებოდნენ და აქციის მიზანზე ეკითხებოდნენ.
თავიდან ნაკლები ხალხი იყო, თუმცა მალე, საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა, დაახლოებით 300 ადამიანამდე გაიზარდა.
ყველა ამბობდა, რომ აქციის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან და სოციალური ქსელებიდან გაიგეს. ორგანიზატორის არყოლის გამო, შეკრებილებმა არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ და დაშლას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ, ვიღაცამ ჟურნალისტებთან დაკეტილ საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემაზე დაიწყო საუბარი.
“ეს საკითხი ჩვენ, ყველას გვეხება. ყველას არ შეუძლია მიწათმოქმედებით დაკავდეს, ისინი არსებობისთვის სახსრებს “ხოფანში” (რუსეთში სამუშაოდ წასული ადამიანი) ნახულობენ”, – განაცხადა სოფელ ქარცეფის მკვიდრმა, არმენ ფამბუხჩიანმა.
აქციის მონაწილეების მიზანია, მათი მოთხოვნის შესახებ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ, რათა სომხეთთან და რუსეთთან საზღვრები გაიხსნას.
“ჩვენი მთავარი პრობლემა – გზა (გულისხმობს საზღვარს) სომხეთთან და რუსეთთან. ჩვენ უკვე ვშიმშილობთ, თუ ასე გაგრძელდება, ხალხი მოკვდება. პირადად მე არ მივდივარ, მაგრამ ჩემი ნათესავები და მეგობრები რუსეთში მუშაობით ცხოვრობენ. ჩვენი მიზანია, მოგვარდეს სოციალური პრობლემა. შეიძლება ჩვენი დღევანდელი მიტინგით ეს საკითხი ვერ მოგვარდეს, მაგრამ ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ხალხი უკმაყოფილოა, და ასე ვეღარ იცხოვრებს”, – თქვა საგატელ პილოიანმა.
” შარშან არ წავსულვარ, წელს არ ვიცი რას გავაკეთებ, რაც “ოქროს მარაგი” მქონდა, უკვე დახარჯულია. ისღა დაგვრჩენია სახლი გირაოში ჩავდოთ და მის გარეშე დავრჩეთ. მოსახლეობა კრედიტებით ცხოვრობს, როგორ გადავიხადოთ, არ ვიცით. ბანკში კრედიტი ყველას აქვს. ხალხი უკვე გამოუვალ მდგომარეობაშია და იძულებულია საზღვრების გახსნა მოითხოვოს”, – განაცხადა სოფელ ბავრას მცხოვრებმა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, არტურ მარგარიანმა თქვა, ხალხს არა მხოლოდ ფინანსური პრობლემები აწუხებს, უკვე ფსიქოლოგიური პრობლემებიც გაჩნდა.
“გზები გახსენით, ხალხი წავიდეს, შეზღუდვები შედეგს მაინც არ იძლევა”, – თქვა მან.
პრეტენზიები და საჩივრები გამოხატეს ასევე ადგილობრივი რესტორნებსა და საბანკეტო დარბაზებში დასაქმებულებმა, რომლებიც საარსებო სახსრების გარეშე დარჩნენ.
“საშუალება მოგვეცით ვიმუშაოთ. ჩვენ გვყავს ბავშვები, მათ ჭამა უნდათ, ბავშვებს ხომ ვერ ვეტყვით, რომ კანფეტების ჭამა კვირაში ერთხელ შეიძლება. მე მესმის, არავის უნდა დაინფიცირება”.
“წელიწადზე მეტია შვილები და შვილიშვილები არ მინახავს. მინდა, გზები გახსნან და მუშაობის საშუალება მოგვცენ”, – თქვა მარინა ავეტისიანმა.
სოფელ კარტიკამიდან ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ მუსიკოსია და არ იცის, ახლა რით ირჩინოს თავი.
“ქორწილები და სხვა ღონისძიებები ნებადართული არ არის. ბანკის კრედიტებზე ვცხოვრობ და არ ვიცი შევძლებ თუ არა გადახდას”, – თქვა მან.
სოფელ დილისკიდან გაგო ნახატაკიანი თანახმაა საქართველოში იმუშაოს, სამუშაოს თუკი ნახავს.
“თუკი მომავალშიც ასე გაგრძელდება, მოვკვდებით. აქ შექმნან სამუშაო ადგილები, აქ დავრჩებით, ან გახსნან, ჩვენ წავალთ, ვიმუშავებთ და ჩვენს ქვეყანაში დავბრუნდებით. ჩვენი სამშობლო აქ არის. კარტოფილიც კი არ იყიდება, თუ იყიდება კიდეც, ძალიან დაბალ ფასად. მაღაზიებში ყველაფერი გაძვირდა”, – ამბობს გაგო ნახატაკიანი.
საპროტესტო აქცია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ადგილობრივი თვითმმართველობიდან აქციაზე არავინ მისულა. პროტესტის მონაწილეები შეთანხმდნენ რამდენიმე დღეში კვლავ შეიკრიბონ და ხელისუფლების წარმომადგენლები მიიწვიონ.