საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია დასრულდა. ასევე ცოტა ხნის წინ მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ახალი სტანდარტი, რომელსაც სკოლის დირექტორობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს. საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაზე რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა, აქედან 170 სამცხე-ჯავახეთიდანაა.
მათი რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 177;
კახეთი -85;
ქვემო ქართლი -205;
მცხეთა-მთიანეთი- 25;
შიდა ქართლი -127;
სამცხე-ჯავახეთი- 170;
იმერეთი -363;
გურია -79;
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 19;
თბილისი -782;
აჭარა -215.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2011 წლის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას. ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.
რაც შეეხება ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროს და ხანგრძლივობას, ამას მინისტრი შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს. ტესტირების შედეგები კი, აპლიკანტს გამოცდის დასრულებისთანავე ეცოდინება. ტესტირების ჩატარებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით დღეის მდგომარეობით საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1022 სკოლას ჰყავს. მოვალეობის შემსრულებლებს გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აქვთ.