სტეფანწმინდა-ლარსი გზატკეცილზე დღეს, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. რუსეთის მხარეს სატვირთო მანქანების შესამჩნევი რიგია.

ამინდის რთული პირობების გამო, საქართველოში ზოგ გზაზე გადაადგილება შეზღუდვებით ხორციელდება. დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი) მარშრუტით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია. სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდვები არ არის.

ამინდის ცუდი პირობების, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის შიდა დანიშნულების გზატკეცილის 94 -110 კმ-იან მონაკვეთზე (ფარვანის უღელტეხილი) ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ ნაწილში მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს.

უკვე ერთი კვირაა დიდთოვლობის გამო, ზვავსაშიშროება არსებობს, ამ მიზეზით სტეფანწმინდა-ლარსის გზა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის დაკეტილია.

როგორც JNEWS-ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცნობეს, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ლარსი დაკეტილი იყო. ხვალ გაიხსნება თუ, არა გზა, ამინდის პირობებზეა დამოკიდებული.