უხვ თოვლს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ახალქალაქში და სხვა მთიან დასახლებებში მიმდინარე კვირის განმავლობაში. თოვა საღამოს დაიწყო, დილიდან ახალქალაქის ქუჩები რეაგენტებით დაფარეს, თეთრი თოვლი სიბინძურედ აქციეს.
დილიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დიდი სატვირთო დადიოდა, საიდანაც ქუჩებში რეაგენტებს ყრიდნენ, ამ გზით მუნიციპალური ხელისუფლება ქუჩების მოყინვას ებრძვის. წლეულს “ქალაქის, ან სოფლის დასახლებაში დასუფთავებისა და სანიტარიის მომსახურებისათვის…” ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. ანუ თანხა გამოყოფილია არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სოფლის გზებიც გასუფთავდეს, თუკი დიდი თოვლისა და ქარბუქის შემთხვევაში ისინი დაიკეტება.
100 000 ლარის ტენდერი საგზაო სამშენებლო კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” მოიგო. შარშან ბიუჯეტიდან იგივე მოცულობის თანხა გამოიყო იმავე მიზნებისთვის. ახალქალაქსა და მერიას შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე ვრცელდება.