საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონთა პაკეტი მიიღო. მესამე მოსმენით კენჭრისყრა პარლამენტში დღეს, 11 იანვარს, გაიმართა.
პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები ჩაიდინეს. კანონის ავტორი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებილი ამნისტია დაახლოებით 1 500 პატიმარს შეეხება.
“ეს არის ის შეჯერებული ვერსია, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს მზადყოფნა, რომ ის გაზიარებულ იქნას პარლამენტის მხრიდან და იქცეს კანონად და რომლის გავლენაც არც ისე მცირეა. დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია, დაახლოებით 6 000 პრობაციონერის სტატუს შეცვლის ეს და ასევე 4 000 ადამიანი, რომელსაც დაკისრებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით შესაბამისი ჯარიმები, ეს ჯარიმებიც ამნისტირებას ექვემდებარება”, — განაცხადა სარჯველაძემ.
ამნისტია უნდა შესრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში.