საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთობლივად ბევრ პროექტს ახორციელებს, პროფესიაში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. თუმცა, ეს პროექტები არ ვრცელდება სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებზე.

თუკი სხვა საგნების მასწავლებლებს შეუძლიათ გამოცდის ჩაბარება, სტატუსის და შესაბამისად ანაზღაურების ამაღლება, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები მუშაობას უცვლელი სტატუსით და 2023 წლამდე იგივე ანაზღაურებით განაგრძობენ, რადგან მათთვის გამოცდის ჩაბარებით სტატუსის ამაღლების პროგრამა არ არსებობს. იგივე ვითარებაა აზერბაიჯანული ენის მასწავლებლებთანაც.

ჯავახეთის ყველა სომხურენოვანი სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აყენებდა ამ საკითხს, მაგრამ დღემდე მოუგვარებელია.

JNEWS-ი შეეცადა ქალაქისა და სოფლის სკოლების მასწავლებლების მოსაზრება გაეგო. ყველა ერთხმად ამბობს, რომ დისკრიმინაციას გრძნობს.

მასწავლებლის სტატუსის პრობლემაზე სოფელ ბალხოს საჯარო სკოლაში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, გოარ განდილიანი საუბრობს.

“სურვილი დიდია, ყველა სპეციალისტს სურს პროფესიონალური გამოცდის ჩაბარება, სტატუსის ქონა ისევე, როგორც სხვებს. რატომ იჩაგრება ენის მასწავლებელი, როცა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და სხვა საგნების მასწავლებლები გამოცდას აბარებენ, შესაბამის სერტიფიკატს და მაღალ ანაზღაურებას იღებენ,” – ამბობს გოარი.

გოარ განდილიანი დისკრიმინაციად თვლის იმას, რომ ქართული ენის მასწავლებელი ბევრად მაღალ ხელფასს იღებს, ვიდრე სომხური ენის.

მასწავლებლების თქმით, 2008 წლიდან დღემდე საქართველოში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის ტრენინგები არ ჩატარებულა. მასწავლებლების აზრით, ტრენინგები აუცილებელია. ერთადერთი ტრენინგი, რომელშიც წლეულს მიიღეს მონაწილეობა, ორი დღე გაგრძელდა, ჯამში 6 საათით. მასწავლებლები გაეცნენ სწავლების ახალ მეთოდებს, ანუ ტრენინგს არავითარი კავშირი არ ჰქონდა პროფესიონალურ განვითარებასთან, ან მასწავლებლების დაწინაურებასთან.

პრობლემას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს, კიროვაკანის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, არა მხოლოდ მასწავლებლების პრობლემად მიიჩნევს.

«ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან ნებისმიერ სახელმწიფოში, თუკი ადამიანებს თანასწორი ვალდებულებები აქვთ, მათ თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ. ეს ელემენტარულია, რატომ არის ყველა საგანში პროფესიონალური გამოცდის ჩაბარების, კვალიფიკაციის მიღების, ანაზღაურების ამაღლების შესაძლებლობა, მეტად დაცულ ვითარებაში ყოფნა ფინანსური თვალსაზრისით, ხოლო სომხურ ენასთან – არაფერი? ყველაზე მტკივნეულ მდგომარეობაში სკოლაში სომხური ენა დგას. საათებიც ყოველწლიურად მცირდება – კვირაში 5-დან 3 საათამდე შემცირდა,” – აღშფოთებას გამოხატავს 30-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი, ანთარამ კარაგეზიანი.

კარაგეზიანს კვალიფიკაციისთვის სხვა საგნებში გამოცდა არ ჩაუბარებია. სტატუსის მიუღებლობის პრობლემას ის სხვა სფეროში განიხილავდა.

«კვალიფიკაციის მიღების პრობლემა- სხვა ფაქტია. მე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, პროფესია მივიღე, უპირატესობის მინიჭებითა და აღნიშნული საგნის და პროფესიის სიყვარულით, ახლა, რამდენად სწორია საჭირო კვალიფიკაციის მიღებისთვის სხვა საგანში გამოცდის ჩაბარება? ადამიანს პირველ რიგში, საკუთარი საგანი უნდა უყვარდეს. შეიძლება ბუნებისმეტყველებაში შევძლო გამოცდის ჩაბარება, ან მომზადება და სხვა საგანში ჩაბარება, მაგრამ მერე, ამ პროფესიით მომიწევს მუშაობა. დროთა განმავლობაში მომიწევს საგნების მიმართ დამოკიდებულების შეიცვლება და არა სომხური ენის, არამედ სხვა, ნებისმიერი საგნის მასწავლებელი გავხდები, რათა უფროსი მასწავლებლის წოდება მივიღო, ან ამ პრივილეგიებით ვისარგებლო. არ ვთვლი, რომ ეს სწორი იქნება,” – დასძენს ანთარამ კარაგეზიანი.

მის მოსაზრებას იზიარებს ახალქალაქის №1 (ჰოვანეს თუმანიანის სახ.) სკოლის მასწავლებელი, გაიანე ბარსეგიანი და ამბობს, რომ არსებული ვითარება დამამცირებელია.

“ეს ნამდვილად, ძალიან დამამცირებელია, დისკრიმინაციას აქვს ადგილი. გამოცდა რუსული ენის მასწავლებლებისთვისაც კი არის, მაგრამ არა ჩვენთვის. აქ საკითხი ასევე ანაზღაურებაში მდგომარეობს. თუკი სომხურ ენაში გამოცდას დაგვინიშნავენ და პროფესიონალურ გამოცდას ჩავაბარებთ, ჩვენ კვლავ წავაწყდებით პრობლემას, მაშინ ქართულ ენაზე მეთოდიკას, როგორ ჩავაბარებთ და დღეს, როგორ გაივლის მეთოდოლოგიას სომხური ენის სპეციალისტი ქართულ ენაზე? სამინისტროს ამ მეთოდოლოგიის გადათარგმნას ვთხოვთ, რათა ჩვენც მოვახერხოთ ამ სირთულეების გადალახვა. თანაბრად ვმუშაობთ მხარდამხარ, ისინი სხვა ხელფასით, ჩვენ – სხვა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც სამინისტრომ უნდა მოაგვაროს,” – აცხადებს გაიანე ბარსეგიანი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოს საჯარო სკოლებში სრული დატვირთვისა და სტატუსის მქონე მასწავლებლები 100 ლარის (დაახლოებით 30 დოლარი) ოდენობის დანამატს მიიღებენ. იმის გამო, რომ სომხური ენის მასწავლებლებს სტატუსი არ აქვთ, ისინი ძველ ხელფასს მიიღებენ. ანალოგიურ პრობლემას აწყდებიან სხვა ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის მასწავლებლები.

აქამდე უფროსი მასწავლებლის ხელფასის ცვლილება 1011 ლარს (310$) შეადგენდა, წამყვანი მასწავლებლის – 1435 ლარს (440 $), მენტორის – 1745 ლარს (535$).

 

Made with Visme Infographic Maker

მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მასწავლებელი საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების წინასაარჩევენო შეხვედრებში მონაწილეობენ. JNEWS-ი შეეცადა მასწავლებლებთან იმის გარკვევას, ამ შეკრებებზე განიხილებოდა თუ არა ის პრობლემები, რომლებიც სომხური ენის მასწავლებლებს აწუხებთ?

გოარს, რომელიც სომხურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ეს საკითხი არ წამოუჭრია.

«წელს სააგიტაციო კამპანია არ ყოფილა. მე არცერთი წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ არ ვიცოდი, შეკითხვები რომ დამესვა. შესაბამის კანდიდატებს ვერ ვხედავდი,» – თქვა მან.

ხოლო კიროვაკანის საჯარო სკოლის მშობლიური ენის მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხებს ნახულობდა, ის დეპუტატობის კანდიდატებთან აყენებდა ამ საკითხს, მაგრამ წელს ასე არ მოიქცა, რადგან ვერავითარი ცვლილება ვერ შეამჩნია.

«არ ვთქვი, რადგან ამ პრობლემას მუდამ ვაყენებდი, ისინი ფორმალურ კითხვებს სვამდნენ, ჩვენ ფორმალური პასუხები გვესმოდა. არ მგონია, რომ ეს საკითხი პოლიტიკით მოგვარდეს. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი ამაზე მთელი რეგიონის სომხური ენის მასწავლებლები დაფიქრდებიან, მთელი სომხური მოსახლეობა. ეს ჩვენი, ყველას პრობლემაა, რადგან ენა და სარწმუნოება არის ერის საცავი. ჩვენი ენა არ უნდა დავკარგოთ,» – ამბობს ანთარამ კარაგეზიანი.

Made with Visme Infographic Maker

 

JNEWS-ის დაკვირვებით, საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან წინასაარჩევნო კამპანიაში მხოლოდ ერთმა დააყენა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კვალიფიკაციის საკითხი – ენზელ მკოიანმა. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში, როცა ის პარლამენტის  დეპუტატი იყო, ამ თემაზე არასდროს უსაუბრია. მას 21 წელი დასჭირდა, რათა ზემოთ აღნიშნული საკითხი საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში ჩაესვა.

«განათლების და მეცნიერების სამინისტროს სომხური ენის მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლების გამოცდის ჩაბარების გადახედვის თხოვნით მივმართავ, რათა სპეციალისტებმაც მიიღონ მაღალი ანაზღაურება, რომლის მიღების შესაძლებლობა დღემდე არ აქვთ,» – ნათქვამია მის პროგრამაში. ენზელ მკოიანი წელს საქართველოს პარლამენტში ვერ შევიდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაში არ შესულა, მაგრამ უკვე არჩეული დეპუტატი სამველ მანუკიანი პრობლემზე ინფორმირებულია და ხელისუფლებაში მის წარდგენას აპირებს. როგორც მან JNEWS-ს განუცხადა, აპირებს მისწეროს ხელისუფლებას. წერილში პრობლემაზე, მასწავლებლების მოთხოვნებსა და მოლოდინებზე დაწვრილებით ისაუბრებს. ახალარჩეული დეპუტატი ირწმუნება, რომ სომხური ენის მასწავლებლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხი უკვე დააყენა არაფორმალურ შეხვედრებზე და ახლო მომავალში წერილობითაც მიმართავს შესაბამის სამსახურს.

როგორც JNEWS-ს მასწავლებლების პროფესიონალური განვითარების ცენტრიდან აცნობეს, სკოლებში არასახელმწიფო ენის სწავლების მხარდაჭერის პროგრამები ხორციელდება, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში სკოლებში არასახელმწიფო ენის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ჩვენი კონკრეტული კითხვა, იგეგმება თუ არა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლების გამოცდის შემოღება, ან ხორციელდება თუ არა ამ მიმართულებით რაიმე პროგრამა, უპასუხო დარჩა.