ონლაინ სწავლება საბავშვო ბაღებში, განუხორციელებელი გეგმები, 2021 წლის სამომავლო გეგმები- ყველაზე პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობას, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი, ანაიდა ასატრიანი აჯამებს.
წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც საქართველოს რეგიონებში ზოგადად, საბავშვო ბაღები ონლაინ-რეჟიმში მუშაობდნენ, რის გამოც, სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების დირექტორის თქმით, დაგეგმილი პროგრამების განხორციელება ვერ მოახერხეს. კერძოდ, საბავშვო ბაღებში საკონსულტაციო საბჭოების შექმნა იგეგმებოდა, რომელიც მშობლებისგან უნდა შემდგარიყო. ანაიდა ასატრიანის თქმით, მათ ბილინგვალური სწავლების დაწყებაც უნდოდათ. საბავშვო ბაღები წელს სულ რაღაც ორი თვე მუშაობდნენ, თუ არ ჩავთვლით ონლაინ-სწავლებას.
მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამჟამად 12 საბავშვო ბაღია, მათგან 9 კვებითაა, 3 კი ალტერნატიული. მომავალ წელს, სოფელ ხულგუმოში, სულდაში, ჩუნჩხა-პტენაში და კოჩიოში, 4 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, წელს ისინი დაფინანსებით კმაყოფილნი არიან, იყიდეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაცივრები, ელექტროქურები, ასევე ავეჯი და ხის სათამაშოები შეიძინეს. თუმცა მომავალი წლის დაფინანსება შემცირდა.
მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში (კულიკამი, კარწახი, ქალაქის №3 საბავშვო ბაღი) ბავშვებს ბაღში აძინებდნენ, თუმცა ამავე წლის გაზაფხულზე კომისიის შემდეგ, სამრეცხაოს არარსებობის გამო, ეს აიკრძალა.
“მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების დაძინება აგვიკრძალეს, წელს საწოლებიც ვიყიდეთ, იმ საბავშვო ბაღებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა არის”,- ამბობს ანაიდა ასატრიანი.
გაერთიანების დირექტორის თქმით მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობები ნორმალურია, მაგრამ არცერთი შენობა, სოფელ ჩუნჩხასა და პტენას შენობის გარდა, სტანდარტს არ შეესაბამება.
ანაიდა ასატრიანი ასევე თვლის, რომ საბავშვო ბაღებში აღმზრდელების პროფესიონალური მომზადება მაღალ დონეზე არ არის.
“ჩვენთან არცერთი აღმზრდელი არ არის გადამზადებული, მე არ ვამბობ, რომ ისინი გაუნათლებლები არიან, უბრალოდ ტრენინგები არ აქვთ გავლილი, რადგან ტრენინგი ქართულ ენაზე ტარდებოდა, არავინ ისურვა მონაწილეობის მიღება. სათანადო განათლების მქონე აღზრდელი ძალიან ცოტაა, ბევრს უმაღლესი განათლებაც არ აქვს მიღებული, თუმცა დიდი გამოცდილება აქვთ. მე განათლების მქონე სპეციალების მიღებას ვცდილობ, მაგრამ თუ ასეთები არ არიან, სხვა კრიტერიუმებით ვარჩევ”,- ამბობს ანაიდა ასატრიანი.
გასული წლის შეჯამებისას ანაიდა ასატრიანი ამბობს, რომ ონლაინ-სწავლებასთან ერთად მათ საგანმანათლებლო პროცესის 40-50% გადალახეს, და მიაჩნია, რომ ბავშვები საბავშვო ბაღში უნდა დადიოდნენ.