საინფრასტრუქტურო სამუშაოები ძირითად განხორციელებულია, კულტურული ცხოვრება კი დროებით შეჩერდა. იმის შესახებ, თუ როგორი იყო გასული წელი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი საუბრობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი მიმდინარე წელს აჯამებს და ამბობს, რომ მერიის მუშაობით კმაყოფილია. ის თვლის, რომ დასახულ მიზნებს 99%-ით მიაღწიეს.
“ივნისამდე არაფერი გვიკეთებია, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ივნისში დავიწყეთ, და დღესდღეობით, ყველა ინფრასტრუქტურული ამოცანა შესრულებულია. მხოლოდ ერთი სამუშაოს შესრულება ვერ მოვახერხეთ, რომლის ტენდერიც 5-ჯერ გამოვაცხადეთ, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. რეგიონალური ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დანარჩენი სამუშაოები შესრულებულია. ასევე შესრულდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” სამუშაოები,-ამბობს ის.
წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგიონალური ფონდის მიერ 6 ინფრასტრუქტურული სამუშაო ფინანსდებოდა. ეს ითვალისწინებს ვაჩიანი-ოკამის, ბარალეთი-იხტილას, ბავრა-კარტიკამის, არაგვა-ბუღაშენის, სულდა-ხავეთის გზას, ასევე ალათუმანი-ბეჟანოს გზას, რომლის სამუშაოები დაიწყო შემოდგომით და მომდევნო წელს გაგრძელდება.
ამ ყველა სამუშაოს ღირებულება დაახლოებით 5 მლნ ლარს შეადგენს.
მიღწევებს შორის, მერი აღნიშნავს, რომ წელს, როგორც იქნა, სოფელ ვარევანსა და ხორენიაში სასმელი წყლის მილი გაკეთდა.
სოფელ კუმურდოსა და გოგაშენში დაიწყეს საბავშვო ბაღების მშენებლობას, რომელსაც მომავალ წელს განაგრძობენ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 35 პროექტია განხორციელებული.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მუნიციპალიტეტში 79 სამუშაო შესრულდა, რომელთაგან 76 უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენი სამი სამუშაოს ტენდერი უკვე შემდგარია. ის სპორტული ინვენტარის შეძენას ეხება.
2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გარემონტდა 24 სკოლა, სადაც ძირითადად სველი წერტილები აშენდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო მუნიციპალიტეტის კულტურული და სპორტული ცხოვრება, რომელიც ისედაც არ გამოირჩეოდა აქტიურობით, წელს საერთოდ გაიყინა. სოფლებში მინი-ფეხბურთის რამდენიმე შეჯიბრი გაიმართა, ასევე ჩვენ კარატისტებმა ონლაინ-შეჯიბრებში მიიღეს მონაწილეობა.