საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას შეზღუდვები დააწესოს კორონავირუსის პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

81 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ნორმის გაგრძელებას.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

”დღეს ჩვენ იძულებულნი ვართ ინიციატივით გამოვიდეთ. ინიციატორები კვლავ ექიმები არიან, რათა ვადა კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს. რეალობა ისაა, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენც გვიწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება და კრიზისის სწორად მართვა უნდა შევძლოთ. იმედი მაქვს, რომ კანონის შემდგომ კიდევ 6 თვით გაგრძელება აღარ მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოება ვალდებულია დაიცვას რეკომენდაციები და წესები, რომლებსაც გამოაქვეყნებს საკოორდინაციო საბჭო,” – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარლამენტმა უფლებამოსილების ვადა მთავრობას 2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე გაუგრძელა. კერძოდ: შექმნილი ვითარებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა, აკრძალოს მასობრივი სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერს ქვეყანაში შემოიღეს ახალი საკარანტინო შეზღუდვები. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან, დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა.