დღეს, 24 აგვისტოს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ახალქალაქს გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა.

ახალქალაქში პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში შედგა. სახელმწიფო მინისტრი ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებსა და პედ-კოლექტივს. სამუშაო ვიზიტზე თეა ახვლედიანთან ერთად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, არჩევნების პროპორციული სიებით, მმართველი პარტიის მხრიდან პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ასევე ქალაქ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 tea

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრაზე საკუთარი თავი წარადგინა და სამომავლო სამუშაოებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც ის მინისტრის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გეგმავს. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო.

ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განიხილებოდა ისეთი თემები, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მდგომარეობა და სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დიდი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ასევე ახალი ფაკულტეტის გახსნა, რომელიც რკინიგზის სპეციალისტებს მოამზადებს, რათა მომავალში ადგილობრივ მოსახლეობას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო ენის პრობლემები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის დროს გამოვლინდა და კომპენსაციის გვერდზე, იუსტიციის სახლში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში რეგისტრაციის დროს უფრო მკვეთრად გამოიხატა.

წამოიჭრა სახელმწიფო ენის არცოდნასთან დაკავშირებული პრობლემა, როგორც მოსახლეობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის დაბრკოლება, ასევე პერსპექტივების პრობლემა სტუდენტებისათვის, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის შემდეგ სამსახურის გარეშე რჩებიან.

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ასევე მონაწილეობა ორდღიანი ტრენინგის გახსნაში მიიღო, რომელიც საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ბორჯომში მიმდინარეობს.