კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში, სასტუმროების 90%-ში ჯავშნები გაუქმდა. ამის შესახებ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებთან საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, პირველი დარტყმა საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ მიიღო.
„პირველი დარტყმა მივიღეთ. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაკოტრების ზღვარზეა. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის ბრალი არ არის, ეს გლობალური თემაა და არავის დადანაშაულებას არ ვაპირებთ. ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
ყველაზე სერიოზული ვითარებაა თბილისში, რეგიონების უმეტესობაში ტურისტული სეზონი ან დასრულებულია, ან ჯერ კიდევ არ დაწყებულა, აცხადებს ალავერდაშვილი.
“თბილისში სეზონი სტარტს მარტში იღებს. ამ დროს განსაკუთრებით ბევრი ტურისტული ჩამოდის განსაკუთრებით მუსულმანური ქვეყნებიდან – მათ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული აქვთ და ადამიანები დასასვენებლად ჩამოდიან. ვითარება თუ არ შეიცვლება, შტატების მასობრივ შემცირებას უნდა ველოდეთ, პირველ რიგში სასტუმროებში. უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის სფეროში დაახლოებით 100 ათასი ადამიანია დასაქმებული”, – აცხადებს ალავერდაშვილი.
კიდევ ერთი პრობლემა, მისივე თქმით, არის ბანკები. ახალი სეზონისთვის ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა კრედიტი აიღეს. ტურისტები არ არიან, შესაბამისად არ არის შემოსავალიც, მაგრამ კრედიტი გადასახდელია. დიდი ალბათობით, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები დახმარებას მოითხოვენ.