სხვადასხვა ექსპერტის რეკომენდაციით, ჯავახეთის მოსახლეობა კარტოფილის ალტერნატიული კულტურების მოყვანას ცდის, რათა მასზე დამოკიდებული არ იყოს. თუმცა, ალტერნატიული კულტურების მოყვანის გზაზე მიწათმოქმედები ტრადიციულ და ახალ, მათთვის უცნობ პრობლემებს აწყდებიან. რა დახმარებას ელიან და ფიქრობენ თუ არა პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე, როდესაც საარჩევნო კაბინაში შედიან.
მისაკ ჭორუღიანი ერთ-ერთი ფერმერია, რომელმაც გადაწყვიტა ჯავახეთში კარტოფილის ალტერნატივა გამონახოს. წელს მან ერთდროულად 1.4ჰა სტაფილო და 40 მეასედი წითელი კომბოსტო დათესა. მისაკ ჭორუღიანის მოსავალი არც ისეთი კარგი იყო, თუმცა მას უფრო ის აღელვებს, რომ მოსავალს მოგებით ვერ ყიდის.
“სტაფილოს მოყვანა უფრო შრომატევადი საქმეა, ვიდრე კარტოფილის. ის ფასი არ არის, რასაც ველოდი. თავიდან 35 თეთრად გავყიდე, ახლა 50 თეთრად ვყიდი. მე სესხი მაქვს აღებული, რომელიც ჯერ ისევ გადასახდელია. ყველაზე ძვირი თესლები დავთესე, 1,40 ჰა-ზე 6კგ თესლი დავთესე. მე საწყობი არ მაქვს, თუ არ გავყიდი ყველაფერი გაფუჭდება. მე კიდევ 7ტ სტაფილო მაქვს”,- ამბობს მისაკ ჭორუღიანი.
სტაფილოს გარდა მან 40 მეასედ მიწაზე წითელი კომბოსტო დათესა.
“40 მეასედიდან 150კგ წითელი კომბოსტო მივიღე, დათესვაზე რამდენიმე ათასი ლარი დავხარჯე”,- ამბობს მისაკ ჭორუღიანი.
მიწათმოქმედის ძირითად პრობლემად მისაკ ჭორუღიანი რეალიზებას მიიჩნევს, ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ბოსტნეულის მიღების ადგილის ორგანიზება ესაჭიროება. თუმცა, მან ამ საქმის მიშვება გადაწყვიტა. ის არ ინტერესდებოდა სოფლის მეურნეობის რა განვითარებას სთავაზობდნენ დეპუტატობის კანდიდატები, არც პარტიების პროგრამებით ინტერესებოდა.
“თუკი წინასაარჩევნო პროგრამებში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ იყო რაიმე გათვალისწინებული, არჩევნების შემდეგ დაპირებებს ყველა ივიწყებს. არჩევნებამდე ისინი დაპირებებს იძლევიან, არჩევნებს იმარჯვებენ და ივიწყებენ, და პირიქით ყველაფერი უარესდება. ხელისუფლება ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პასუხისმგებელია. მე არჩევნებზე ავირჩიე ის, ვინც ვიცი, რომ ადამიანური თვისებების მატარებელია”- ამბობს მისაკ ჭორუღიანი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ინფორმაციული და საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე ამბობს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფერმერებმა თვითონ უნდა ნახონ ბაზრობა.
“ჩვენები ელიან, რომ მყიდველები თვითონ მივიდნენ მათთან, რეალიზაციის ადგილი თვითონ უნდა ნახონ. მათ ისეთი ხარისხის საქონელი არ აქვთ, რომ ექსპორტი განახორციელონ. კოოპერატივების შექმნაა საჭირო, რადგან არცერთ ფიზიკურ პირს არ შეუძლია მთელი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქტით მსხვილი მაღაზიების უზრუნველყოფა. მაღაზიებს ყოველ დღე 50ტ კარტოფილი სჭირდებათ”,- მბობს რამაზ გოგოლაძე.
საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი ფერმერებს შორის ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, ასევე სხვადასხვა საკითხით კონსულტაციას უწევს. რამაზ გოგოლაძე თვლის, რომ ფერმერები საკუთარ პროდუქტებს მიმღებ პუნქტში არ ჩააბარებენ, თუკი ისინი ღია იქნება.
“თუკი მიმღები პუნქტი გაიხსნება, ფერმერებისგან ისინი დაბალ ფასად იყიდიან, ხოლო ასეთ პირობებს ფერმერები არ დასთანხმდებიან. მიმღები პუნქტი აკეთებს დანახარჯებს: მომუშავე, დარაჯი, საცავი, პუნქტმა ეს დანახარჯები ხომ უნდა დაფაროს. მაგალითად, ის კარტოფილს 30 თეთრად იყიდის, კარტოფილი 50 თეთრი უჯდება, მან 60 თეთრად უნდა გაყიდოს”,- ხსნის რამაზ გოგოლაძე.
გალსტიან არშალუისი სოფელ აგანადან, 1985 წლიდან ულუმბოს თესვით არის დაკავებული, რომელიც საქართველოში სუნელის სახით არის ცნობილი.
ჯავახეთში სუნელის მოყვანით საკმაოდ ბევრი სოფელია დაკავებული, მათ შორის სოფელი აგანაც. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ სოფელი სუნელის მოყვანას იწყებს, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მალევე მწერი-მავნებლები ჩნდება, რომლებთან ბრძოლაც მიწათმოქმედებმა არ იციან. საბოლოოდ მოსავალი არ არის კარგი, ხოლო სოფელი თესვას წყვეტს. ესტაფეტას სხვა სოფელი ღებულობს და უკვე რამდენიმე წელია ასე ხდება.
სუნელის მოყვანა ძალიან შრომატევადი სამუშაოა, მთელი პროცესი, თავიდან ბოლომდე, ხელით კეთდება. და როდესაც დანახარჯები შემოსავალს აჭარბებს მიწათმოქმედი წყვეტს ამ საქმიანობას.
1 ჰა-ზე სუნელის 50კგ თესლის დათესვაა საჭირო, თუმცა არშაულისი 100 კგ-ს თესავს. არშალუის გალსტიანი თვლის, რომ ფერმერებს ხელისუფლების დახმარება სჭირდებათ.
“ხელისუფლებამ ფერმერები უნდა დაიცვას და თუნდაც ჯანსაღი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობა მისცეს. ხელისუფლებამ ალბათ არც იცის, რომ სუნელი მომყავს. საჭიროა ლაბორატორია, რათა მწერები გამოიკვლიონ და შესაბამისი შხამქიმიკატი შექმნან”,-ამბობს არშალუის გალსტიანი.
რამაზ გოგოლაძის თქმით, ხელისუფლებას სახსრები არ აქვს, რათა ყოველ რეგიონში ლაბორატორია შექმნას.
“ლაბორატორია ძალიან ძვირი ღირს, ხელისუფლება ამას ვერ გააკეთებს. თუკი ასეთი რამ ხდება, ჩვენთან უნდა მოიტანონ, უკვე რამდენი წელია ამას ვეუბნებით, ჩვენ გავაგზავნით ლაბორატორიაში, ლაბორატორიებზე ჩვენ უფრო ვართ ინფორმირებულები, მათ კი არ ეცოდინებათ. ჩვენთვის არავის მოუმართავს”,- ამბობს რამაზ გოგოლაძე.
არშალუის გალსტიანს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრში არ მიუმართავს, რადგან დარწმუნებულია, რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს, რომელიც გამოიკვლევს მავნებლებს და მათ წინააღმდეგ შხამქიმიკატებს გააკეთებს.
არშალუის გალსტიანი რუსეთში და პოლონეთში სუნელის ექსპორტს ახორციელებს. მისი აზრით, ხელისუფლება არც ექსპორტის საკითხში ეხმარება.
“მე მინდა, რომ ხელისუფლება საზღვრის გადაკვეთაში დაგვეხმაროს, რათა ტრანსპორტირების დროს ნაკლები რისკი იყოს”,-ამატებს ის.
არშალუის გალსტიანი ამბობს, რომ არჩევნებამდე მან ყველა პარტიის პროგრამა განიხილა და ვერცერთში ვერ ნახა პრობლემის გადაწყვეტის გზა. თუმცა, ის თვლის, რომ საქართველოში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან განათლებულია. მან არჩევანი ცალსახად გააკეთა, როგორც თვითონ ამბობს გაითვალისწინა ის, რაც გაკეთდა.
“მე ავირჩიე არა ადგილობრივი წარმომადგენელი, არამედ პარტია. პარტიის გარეშე რას გააკეთებს ადგილობრივი წარმომადგენელი, თუკი პარტიას არ ექნება პროგრამა ან არ მისცემენ დოტაციას”,- ხსნის არშალუის გალსტიანი.
“ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ყოველწლიურად ზრდის სხვადასხვა კულტურების სათეს მიწებს. თუკი ადრე სტაფილოს, კომბოსტოს, ნიორს და სხვა პროდუქტებს ხალხი მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის თესავდა, ახლა ბევრი მის გაყიდვაზე, ან გაცვლაზე ფიქრობს. გრაფიკიდან ჩანს, რომ 2016-დან 2019 წლამდე ზოგიერთი კულტურის სათესი მიწა გაიზარდა.
რამაზ გოგოლაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მოუწოდებს ალტერნატიული კულტურების მოყვანით დაკავდნენ, რათა რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდეთ და მოიყვანონ ის კულტურები, რომლებიც ჩვენს რეგიონში მოდის.
2015 წლიდან, ხელისუფლება რეგიონში ჟოლოს და მაყვალის მოყვანის 100%-იანი დაფინანსების პროგრამას ატარებს. თუმცა, ახალქალაქში დაფინანსება ჯერ არავის მიუღია.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ადამიანს, ვისაც რეესტრში 15 მეასედი დარეგისტრირებული მიწა აქვს. გარდა ამისა საჭიროა, რომ მიწის ნაკვეთი წყლის წყაროსთან და ელექტროენერგიასთან 600 მეტრში მდებარეობდეს. და მთავარი, რათა პროგრამა ამოქმედდეს და გრანტი გაიცეს, საჭიროა, რომ მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებიც პროგრამაშია ჩართული, 3 ჰა-ს შეადგენდეს.
“პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველები არიან, თუმცა მათ ეშინიათ, რომ 3ჰა ვერ შეიკრიბება და მათი თანხა დაიკარგება. თავიდან მიწის ანალიზი ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს, ხოლო ეს დაახლოებით 400 ლარი ღირს. თუკი პროგრამა დაიწყება, ხელისუფლება ანალიზის თანხასაც დააბრუნებს”,- ამბობს რამაზ გოგოლაძე.
2015 წლიდან მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორმა ადამიანმა მოამზადა დოკუმენტები და პროგრამაში მონაწილოების მზადყოფნა გამოაცხადა.
ხელისუფლება, პროექტის თანახმად, ფერმერებს აძლევს ნერგებს და ასწავლის მოყვანას.
“მე ამ პროგრამის შესახებ ინტერნეტიდან შევიტყვე, თუ არ ვცდები, თქვენგან. სოფელ ალასტანში 15 მეასედი მიწა მაქვს. განაცხადი შევიტანე, მათ დაადასტურეს, და ველოდებით, რათა მუნიციპალიტეტში მიწების საერთო რაოდენობა 3ჰა გახდეს. მიწის ანალიზი თბილისში გავაკეთე, ყველაფერი რიგზე იყო და ამიტომ მიიღეს განაცხადი. დაახლოებით 700 ლარი დავხარჯე”,- ამბობს ახალქალაქის ორი მცხოვრებიდან ერთ-ერთი, რომლებმაც ამ პროგრამაში მონაწილეობაზე შეიტანეს განაცხადი.
ყოველ ჯერზე არჩევნებამდე ყველა კანდიდატი და მონაწილე პარტია მუდმივად იმეორებს, რომ ერთად მიაღწევენ ქვეყნის განვითარებას. ახალქალაქში ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების დაპირებას იძლევიან. როგორც ჩანს, ბევრი მიწათმოქმედი სხვადასხვა პრობლემას აწყდება, მარტო ებრძვის მათ და უმეტეს შემთხვევაში მათი გადალახვა არ გამოდის…