ახალქალაქში ზოგადსამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში ახალი ლაბორატორია „აგროლაბის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რეგიონებში ფერმერებს მომსახურებას თავისი მობილური ლაბორატორიის დახმარებით სთავაზობს.

შეხვედრას 25-მდე ფერმერი ესწრებოდა. კომპანია “აგროლაბის” წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, როგორც ლაბორატორიის მომსახურებაზე, ასევე კარტოფილის დაავადებებზე.

ლაბორატორია “აგროლაბი” 2 კვირის წინ გაიხსნა. დღეს თბილისსა და ქუთაისში „აგროლაბის“ ორი ლაბორატორია ფუნქციონირებს, სამომავლოდ კი ლაბორატორიის გახსნა ახალციხეში იგეგმება, ასევე, 6 მობილური ლაბორატორია რეგიონებს მოემსახურება. „აგროლაბი“ გაფართოებას გეგმავს. თუ დიდი მოთხოვნა იქნება, შესაძლოა ახალქალაქში 1 მობილური ლაბორატორია დარჩეს.

„ვიკრიბებით ყველგან, სადაც ფერმერებს ჩვენი სერვისის საჭიროება აქვთ, რათა დავეხმაროთ ჯანმრთელი, ხარისხიანი პროდუქციის მიღებაში. ჩვენს კონტაქტებს დავტოვებთ აქ, ასევე ჩვენი ფეისბუქგვერდის საშუალებით, ფერმერები დაგვიკავშირდებიან ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე, საჭიროების შემთხვევაში მოვალთ და ავიღებთ სინჯებს ანალიზისთვის, 1-2 დღეში ჩამოვალთ“, – ამბობს “აგროლაბის” ლაბორატორიის წარმომადგენელი მარიამ ძიძიგური.

მისივე განმარტებით, კარტოფილის შემთხვევაში ლაბორატორიაში ანალიზის გაკეთება აგრონომთან კონსულტაციასაც ითვალისწინებს, რომელიც ფერმერს აუხნის რა პრობლემაა და როგორ უნდა მოგვარდეს, რა პრეპარატები გამოიყენოს.

ლაბორატორია ატარებს 600-მდე ანალიზს მიწის, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის თევზის წარმოების, თაფლისა და რძის პროდუქტების დარგში. მარიამ ძიძიგურის თქმით, ეს ლაბორატორია ატარებს მიწის გენეტიკურ ანალიზს, რაც საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.

ლაბორატორიის პრეზენტაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად გაიმართა, რომელიც ლაბორატორიასთან თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციის წევრი ფერმერები ფასდაკლებით ისარგებლებენ.  ასოციაციაში ახალქალაქის ყველა ფერმერი არ არის რეგისტრირებული, თუმცა პრეზენტაციის შემდეგ შეკრებილმა ფერმერმა ასოციაციის წევრობის კითხვარი შეავსეს.

„სხვადასხვა სფეროში ბევრი სხვადასხვა პარტნიორი გვყავს, ერთ-ერთი მათგანია “აგროლაბი”, რომელიც უპრეცედენტო შეთავაზებას სთავაზობს ფერმერებს, ისეთ ანალიზებს, რომლებიც ჯერ არ ჩატარებულა საქართველოში. მაგალითად, თევზის, თაფლის ანალიზები. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ასოციაციის წევრებისთვის ლაბორატორია გარკვეულ ფასდაკლებებს შესთავაზებს“, – ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია.

ახალქალაქელი ფერმერები პრეზენტაციით დაინტერესდნენ, ბევრი კითხვა დასვეს, მათ შორის, შეუძლია თუ არა ლაბორატორიას მოხმარებული წამლების ანალიზი, რამდენ დღეში შეიძლება ჩამოვიდეს მობილური ლაბორატორია, რამდენ დღეში იქნება მზად პასუხები, იქნება თუ არა სერვისის შეკვეთა შესაძლებელი მთელი სამეურნეო პერიოდისთვის და სხვა…