ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დაიწყო სპორტული ინვენტარის დარიგება იმ სოფლებში, რომლებმაც განცხადება წარადგინეს.
უკვე ერთი კვირაა რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტენდერით შეძენილი სპორტული ინვენტარის დარიგება დაიწყო. მრავალრიცხოვანი განცხადებების შემდეგ, სპორტული ინვენტარის შეძენის ტენდერი შედგა. ტენდერი თბილისის კომპანია შპს “სპორტულმა” 32 060 ლარით მოიგო. ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად შეძენილი იყო 5 ტრენაჟორი, 40 ფეხბურთის ბურთი, 40 კვ.მ. ტატამი, 6 კრივის ხელთათმანი, 3 სპორტული ტომარა, 40 სხვა ტიპის ბურთი, 7 ფეხბურთის კარი, 15 ტენისის ბადე, 11 ფეხბურთის ფორმის კომპლექტი, 8 სხვა სახის სპორტული ფორმის კომპლექტი, 1 მაგიდის ტენისი, 5 ჭადრაკის კომპლექტი და 5 შაშკის კომპლექტი.
სპორტულ ინვენტარს მუნიციპალიტეტის დაახლოებით 20 სოფელი მიიღებს. მის მიღებაზე განცხადი 13 სოფელმა შეიტანა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვალერი სტელმაშოვის თქმით, სპორტულ ინვენტარს, პირველ რიგში, მიიღებენ ის სოფლები, რომლებმაც განაცხადები წარადგინეს, ხოლო შემდეგ დანარჩენები.
ზოგიერთ სოფელს ინვენტარი ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა მიეღო, თუმცა ინვენტარის კომპლექტები არ იყო სრული, რის გამოც ის არ დაარიგეს. აღნიშნული სოფლები ასევე მიიღებენ სპორტულ ინვენტარს.
ვალერი სტელმაშოვის თქმით, ინვენტარი უკვე მიიღო ხულგუმომ, კარტიკამმა, კულიკამმა, ბავრამ, ხოსპიომ, ხანდომ, აგანამ, ტურცხმა და დიდმა სამსარმა.
“მიღებული ინვენტარის ნაწილი უკვე დავარიგეთ, თუ არ ვცდები 9 სოფელმა უკვე მიიღო ინვენტარი, დანარჩენებს თანდათან დავურიგებთ, არ გვინდა ყველა ერთდროულად შევკრიბოთ. ასევე იმ ინვენტარს დავარიგებთ, რომელიც 2018 წელს ვიყიდეთ. თუკი რამე ინვენტარი დარჩება, იმ სოფლებს დავურიგებთ, რომლებმაც განცხადება არ წარადგინეს, თუმცა საჭიროება აქვთ”,- ამბობს ვალერი სტელმაშოვი.