დღეს, 7 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სტუდენტებმა და რიგ ორგანიზაციამ სომხეთში, 1988 წელს, უძლიერესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები, წითელი მიხაკებით ხელში, ახალქალაქის ცენტრში “სურბ ხაჩ” სომხური ეკლესიის ეზოში მივიდნენ, სადაც ტაძრის ეზოში ქვაჯვართან ყვავილები ყოველთვის მოაქვთ და სომხეთში, 1988 წელს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას აგებენ პატივს. წელს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მოსახსენიებელ მსახურებაზე შედარებით ნაკლები ხალხი მივიდა. ტაძარში მსახურებას მმართველი პარტიის მხრიდან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.

მოსახსენიებლად ასევე ახალქალაქის სომხური ახალგაზრდული ცენტრის და საქართველოში სომეხთა დახმარების კავშირის თანამშრომლები მოვიდნენ.

2

სპიტაკის მიწისძვრა, რომელიც ასევე ლენინაკანის მიწისძვრად არის ცნობილი, რიხტერის სკალის მიხედვით 6,9 ბალი მაგნიტუდის იყო. ის 1998 წლის 7 დეკემბერს 10 საათსა და 41 წუთზე სომხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მოხდა. სპიტაკის მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, სიშორის მიხედვით, იყო: სპიტაკი, სტეფანავანი, კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და ლენინაკანი (ახლა გიუმრი).

4

მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი; 80%-ით დაინგრა სომხეთის მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქი- ლენინაკანი (ახლა გიუმრი), ასევე ნაწილობრივ განადგურდა სტეფანავანი, კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და 300 დასახლებულ პუნქტზე მეტი დაინგრა. დაიღუპა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, 510 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სამედიცინო დახმარება დაახლოებით 17 000 ადამიანს გაეწია, მათგან თითქმის 12 000 ათასი ჰოსპიტალიზირებული იყო. საერთო ჯამში, მიწისძვრამ სომხეთის ტერიტორიების დაახლოებით 40% მოიცვა. უბედურების ზონაში დაახლოებით 970 000 ადამიანი აღმოჩნდა. ავარიის რისკის შიშით შეჩერებული იყო სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა.

5

1998 წლის 9 დეკემბერს, 22 საათზე, ქალაქ თბილისიდან სამოქალაქო თავდაცვის სამხედრო ნაწილის პირველი ბატალიონი ჩავიდა. 1998 წლის 10 დეკემბერს 10 საათისთვის, თბილისიდან დანარჩენი მექანიზებული ბატალიონებიც ჩავიდნენ. ისინი ასევე ადამიანების გადარჩენის ოპერაციის შესასრულებლად იყვნენ გაგზავნილი.

საერთაშორისო დახმარება 12 დეკემბერს ჩავიდა. დახმარება 111 ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, ნორვეგიამ, საფრანგეთმა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ და შვეიცარიამ, ასევე სსრკ-მ გაუწიეს და ქვეყანა სამმაშველო მოწყობილობებით, სპეციალისტებით, პროდუქტებითა და მედიკამენტებით უზრუნველყეს. დახმარება ასევე აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად იყო გაწეული.

ზამთრის პერიოდში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და დანგრეული სახლების აღსადგენად დახმარება მთელი მსოფლიოდან იგზავნებოდა.

1

მიწისძვრის შედეგად დაინგრა და ავარიულ მდგომარეობაში იყო 210 ათასი მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა, 42 ათას ადგილზე გათვლილი საბავშვო ბაღი, 416 ჯანდაცვის ობიექტი, ორი თეატრი, 14 მუზეუმი, 391 ბიბლიოთეკა, 42 კინოთეატრი, 349 კლუბი და კულტურის სახლი. მწყობრიდან იყო გამოსული 600 კილომეტრი სიგრძის ავტოგზა, 10 კილომეტრი რკინიგზა, მთლიანად ან ნაწილობრივ 230 სამრეწველო საწარმო დაინგრა.