დღეს, ერევანში, თავისუფლების მოედანზე მიტინგი გაიმართა, რომლის დროსაც ოპოზიციური ფორმირება “სამშობლოს გადარჩენის საბჭოს” ერთიანმა კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა შექმნილი ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის პროგრამა წარადგინა. 16 ოპოზიციური პარტია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.

სომხეთის პრემიერის თანამდებობაზე ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი სიტყვით გამოვიდა და აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნო.

“აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ მოედანზე შევიკრიბეთ, სადაც 1988 წელს ჩვენი ერი ერთიანად და ენთუზიაზმით შეიკრიბა, ფიცი დადო, რომ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სამართლიან ხელისუფლებას ააშენებდა, ხელს გაუწვდიდა ჩვენს ძმებს და დებს არცახში, დაჰპირდა მათ უსაფრთხოებას და სომხეთთან შეერთებას. ამ ამოცანების უმეტესობა შესრულდა. ჩვენ ყველა ნაკლოვანებასთან ერთად დამოუკიდებელი სახელმწიფო ავაშენეთ, მაგრამ ჩვენით ავაშენეთ ეს სახელმწიფო”, – აღნიშნა ვაზგენ მანუკიანმა.

მან გაიხსენა, რომ სომხეთისა და არცახის ჯარი რეგიონში ყველაზე ძლიერად ითვლებოდა, “ახლა სომხეთის არსებობაც კი, საფრთხის ქვეშ არის, როდესაც აზერბაიჯანელები განსაზღვრავენ სომხეთის საზღვრებს, სომხეთის ტერიტორიაზე შემოდიან და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არავითარ წინააღმდეგობას არ აწყდებიან. არის ასეთი გამონათქვამი, -“თუკი პრობლემას წყვეტ და წარმატებას ვერ აღწევ, პრობლემა კი არ უნდა შეცვალო, არამედ მისი გადაწყვეტის მეთოდები. ამოცანა დგას და ის უნდა გადაწყდეს”.

მისი თქმით, სომხეთმა ყველა მოკავშირე დაკარგა. ისეთმა ძლიერმა მოკავშირემ, როგორიცა რუსეთია, სომხეთისადმი ნდობა დაკარგა, ჩინეთმა ზურგი შეაქცია, ირანი არ ენდობა. ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგობრივი განცხადებები დღითიდღე ომთან გვაახლოებდა.

“ჩვენ შეგვეძლო ომის თავიდან აცილება, ჩვენ შეგვეძლო ომის მოგება, ჩვენ შეგვეძლო უფრო მალე დაგვესრულებინა უფრო ნაკლები დანაკარგით. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ნიკოლ ფაშინიანმა უნდა გაიაზროს, რომ, რაც უფრო მალე წავა, მით უკეთესი იქნება. მოძრაობა არ გაიმარჯვებს – გაიმარჯვებს განრისხებული ხალხი. ეს მოძრაობა – ის გზაა, რომელიც სომხეთში სიტუაციის ცივილიზებულად შეცვლის საშუალებას იძლევა”.

16 ოპოზიციური პარტიის მხრიდან წარდგენილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დროებითი ხელისუფლების გეგმა წარადგინა.

“პირველ რიგში, არასდროს არ დავუჭიროთ მხარი სამმხრივ განცხადებას, მაგრამ ეს დოკუმენტი დე ფაქტო მუშაობს და ჩვენ მასზე უარს ვერ ვიტყვით. ეს იქნება თურქეთთან და აზერბაიჯანთან ომი და რუსეთის მშვიდობისმყოფელებთან შეკამათება. ამ შეთანხმების პუნქტებს კომენტარები ესაჭიროება. დროებითმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, რათა ეს შეთანხმება სომხეთის სასარგებლოდ განახორციელოს, – თქვა ვაზგენ მანუკიანმა.

მეორე პრიორიტეტული ამოცანა, მანუკიანის თქმით, არის უსაფრთხოება. აუცილებელია ჯარის აღდგენა, გათანამედროვება, ბრძოლისუნარიანობის ამაღლება.

უკანასკნელი ასევე შეეხო რუსეთთან ურთიერთობებს.

“თუკი რუსეთთან არ ვართ დაკავშირებული, რჩება თურქეთი. რუსეთთან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, თურქეთთან საერთო ინტერესები არ გვაქვს. მსოფლიო თურქეთს ბოროტმოქმედებას არ აპატიებს. თუკი თურქეთის წინააღმდეგ საბჭო შეიქმნება, ჩვენ ამ საბჭოში ვიქნებით”, – განაცხადა მანუკიანმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, მესამე საკითხი – უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახების მხარდაჭერაა, აზერბაიჯანიდან სამხედრო ტყვეების, მძევლების დაბრუნება, ყარაბაღიდან ათასობით ლტოლვილისთვის სასწრაფო დახმარების ორგანიზება და მათთვის სამშობლოში დაბრუნებისათვის პირობების შექმნა.

“შემდეგი საკითხი – სომხეთში ატმოსფეროს გაუმჯობესება. სომხეთში გარე ზეგავლენის ძალები მოქმედებენ, რომლებიც შეგნებულად ყოფენ ჩვენს ერს. ჩვენი ერის დახმარებით ისინი 2,5 წელი საკუთარ გეოპოლიტიკურ საკითხებს წყვეტდნენ, ჩვენ გვიყენებდნენ, როგორც სათამაშოებს. აუცილებელია ამ მიწის გაწმენდა”,- აღნიშნა მან.

ამის შემდეგ, აქციის მონაწილეები შეძახილებით – “ნიკოლ-მოღალატე” ბაგრამიანის პროსპექტისკენ გაემართნენ, იქიდან პროშიანის ქუჩისკენ – ხელისუფლების სახლისკენ.

27 სექტემბრიდან აზერბაიჯანმა დაქირავებული-ტერორისტებისა და თურქების პირდაპირი დახმარებით ყარაბღში ომი დაიწყო. 10 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია. ამასთანავე აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე უნდა შეჩერდნენ. ხოლო რუსეთის მშვიდობისმყოფელები განთავსებული იყვნენ მთიანი ყარაბაღის გადაკვეთის ხაზთან სომხეთთან შემაერთებელ დერეფანზე. ომთან ერთად სომხეთის მხარემ ზოგიერთი მიმართულებით ტერიტორიული დანაკარგი განიცადა, მათ შორის დაკარგა შუში. გარდა ამისა, სამმხრივი შეთანხმების თანახმად, სომხურმა მხარემ აგდამიდან, კარვაჩარიდან და ლაჩინიდან ჯარი გამოიყვანა.