საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომლებსაც ტექდათვალიერება 21 ივლისის შემდეგ არ გაუვლიათ, დაჯარიმდებიან. ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ავტომანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერება მარტიდან ივლისის ჩათვლით არ გაუვლიათ, არ ჯარიმდებოდნენ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან JNEWS-ს აცნობეს, რომ დაჯარიმდებიან ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ტექდათვალიერების ვადა ამოეწურათ.

“საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ უკვე 21 ივლისის ჩათვლით, ავტომანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, არ ჯარიმდებოდნენ. თუმცა, დაწყებული 21 ივლისიდან, ავტომანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, დაჯარიმდებიან”,- გვაცნობეს სააგენტოდან.

ამასთანავე 1 აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა ავტომანქანების ტექდათვალიერების ახალი წესები, რომელთა გათვალისწინებაც ავტომფლობელებს მოუწევთ.

შესაბამისად, მძღოლებს საჭის მექანიზმის გადატანა აეკრძალებათ. გადატანილი საჭის მექანიზმის მქონე ავტომანქანები ვერ შეძლებენ პერიოდული ტექდათვალიერების გავლას. შეზღუდვები იმ მანქანებს არ შეეხება, რომლებსაც საჭის მექანიზმი 2020 წლის 1 აპრილამდე ჰქონდათ გადატანილი.

ასევე ტექდათვალიერების გარეშე რჩებიან ის ავტომანქანები, რომელთა ბორბლების წლოვანება 10 წელიწადს აღემატება, მიუხედავად მათი მდგომარეობისა. გარდა ამისა, იმ ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებმაც ტექდათვალიერება 1 აპრილის შემდეგ გაიარეს, უნდა წარადგინონ სერტიფიკატი დამონტაჟებული საწვავი გაზის ბალონის ვარგისიანობის შესახებ.

პირველი აპრილიდან ავტომანქანებს უნდა ჰქონდეთ ნამწვის კატალიზატორები, რომელთა წყალობით გამონაბოლქვის, მავნებელი გაზის- CO-ს ოდენობა მაღალ ბრუნვებზეც კი 0,7%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2018 წლის პირველი ივლისიდან ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც, როგორც რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ავტომანქანებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან სიახლე შეეხო იმ მსუბუქ ავტომობილებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება ე.წ. 3.0 კუბს, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა დანარჩენ ავტომანქანას.

მსუბუქი ავტომანქანების მომსახურების ღირებულებაა 60 ლარი (დაახლოებით 21 დოლარი), ხოლო სატვირთო მანქანების – 100 ლარია (დაახლოებით 34,6 დოლარი).

ის ავტომანქანები, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, 50 ლარით დაჯარიმდებიან.
თუ ავტომანქანები ერთი წლის განმავლობაში ტექდათვალიერების გარეშე ივლიან, მფლობელები 600 ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმის ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელს საურავები ერიცხება. თუ ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდიან, შესაძლოა მძღოლს მართვის მოწმობა, ნახევარი წლით ჩამოერთვას.