საქართველომ და აზერბაიჯანმა ანაკლიის პორტისა და ვაზიანში აეროპორტის მშენებლობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველომ და აზერბაიჯანმა ანაკლიის პორტისა და ვაზიანში აეროპორტის მშენებლობის პერსპექტივები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრაზე ქვრივიშვილმა ანაკლიის პორტსა და ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილ მშენებლობაზე ისაუბრა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული პროექტები განიხილეს.

“შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებაში. საუბარი შეეხო სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც 2026 წლის 9 თვის მონაცემებით, 14%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის – ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე