ახალქალაქის მერიამ ქალაქის „ხას ბახჩას“ პარკში კაფეს შენობის მშენებლობაზე ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება კვლავ 301 247 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა კონტრაქტის ხელმოწერის დღიდან 180 კალენდარული დღეა. განმეორებითი შესყიდვის შესახებ განცხადება 2026 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა. განაცხადების მიღება 3 ნოემბერს უნდა დასრულდეს.
რატომ გამოცხადდა ტენდერი თავიდან?
მსგავსი ტენდერი პირველად 1 ოქტომბერს გამოცხადდა, ხოლო განაცხადების მიღება 12 ოქტომბერს დასრულდა. პირველადი შესყიდვის გამარჯვებული ახალქალაქური სამშენებლო კომპანია „გოლდი“ გახდა, რომელმაც სამუშაოების შესრულება 279 000 ლარად შესთავაზა. თუმცა, სავენდერო დოკუმენტაციის შეფასებისას კომპანია დისკვალიფიცირდა. როგორც ახალქალაქის მერიაში განმარტეს, მიზეზი გახდა ტენდერის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რომელიც მონაწილის გამოცდილებას ეხება.
მერიის ინფორმაციით, იმავე პერიოდში კომპანია „გოლდმა“ ორი ტენდერი მოიგო: ერთი — კაფეს მშენებლობაზე, მეორე კი — ახალქალაქში ლევონ დარბინიანის ქუჩის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე. ამასთან, ტერიტორიის კეთილმოწყობის შემთხვევაში კომპანიის გამოცდილება მოთხოვნებთან შესაბამისად ჩაითვალა, ხოლო კაფეს მშენებლობისთვის, მუნიციპალიტეტის განმარტებით, მას ნულიდან შენობის აგების სათანადო გამოცდილება არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ კაფეს სამშენებლო პროექტირების დოკუმენტაციის მიხედვით, ობიექტი ერთსართულიან კაფე-ბარს წარმოადგენს. არქიტექტურული კონცეფცია თანამედროვე ფასადის მასალების, მინისა და დეკორატიული ელემენტების შეხამებას ითვალისწინებს. ფასადების გარე მოსაპირკეთებლად დაგეგმილია ხის ფასადის ფიცრის გამოყენება. შესასვლელი ჯგუფი აღიჭურვება ალუმინის ვიტრაჟული კონსტრუქციებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტერიერის გაფორმებას. კაფეს შიდა სივრცეში, ძირითადად, გათვალისწინებულია დეკორატიული სტენდის პანელები, ხელოვნური ფოთლებით გაფორმებული ხელოვნური გამწვანების ელემენტები, აგრეთვე კედლის სარკე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს თანამედროვე ინტერიერის შექმნას, დეკორატიული მოპირკეთებისა და ბუნებრივი ტექსტურების აქცენტირებით.
განმეორებით გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 301 247 ლარს შეადგენს. ეს 22 247 ლარით აღემატება იმ თანხას, რომელიც კომპანია „გოლდმა“ პირველი შესყიდვის ფარგლებში შესთავაზა. ახალი ტენდერის პირობების თანახმად, მშენებლობა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. განმეორებითი შესყიდვის შედეგები გვიჩვენებს, თუ რომელი კომპანია შეირჩევა პროექტის განსახორციელებლად და რა ღირებულებით შესრულდება სამუშაოები.