ახალქალაქში პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო

1 სექტემბერს საქართველოში პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების გაყიდვის პროცესი დაიწყო. ახალქალაქში ფორმის შეძენა №4 საჯარო სკოლაშია შესაძლებელი.

როგორც მანამდე იყო გამოცხადებული, დღეს 11:00 საათიდან ახალქალაქის №4 საჯარო სკოლასთან პირველკლასელები და მათი მშობლები შეიკრიბნენ. მშობლებს ბავშვებთან ერთად მცირე ჯგუფებად უშვებენ აქტო დარბაზში, სადაც, სკოლის დირექციის თქმით, მოწყობილია ორი სივრცე — სასკოლო ფორმის დახარისხებისა და მოზომვისთვის.

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-დან 14 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. ახალქალაქში, პროცესი ორგანიზებულად და მშვიდად რომ წარმართულიყო, თითოეული სკოლა ცალკე დღეს იყო დაბარებული. პირველ დღეს ფორმა №2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შეიძინეს, სადაც წელს ყველაზე მეტი პირველკლასელია.

მშობლები ოთახში რიგრიგობით შედიოდნენ და ფორმას ყიდულობდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც პირდაპირ ორი კომპლექტი შეიძინა. კერძოდ, ერთ მშობელს უფლება აქვს შეიძინოს მაქსიმუმ ორი პიჯაკი და ოთხი წყვილი შარვალი ბიჭისთვის, ხოლო გოგონასთვის — ორი პიჯაკი, ორი წყვილი შარვალი და ორი ქვედაბოლო.

თითოეული ბავშვის სახელზე იწერება, ფორმის რომელი კომპონენტი და რა რაოდენობით იქნა შეძენილი. სისტემას მკაცრი აღრიცხვა დაჰყავს, რის გამოც დადგენილ რაოდენობაზე მეტის შეძენა ფიზიკურად შეუძლებელია. სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველა საჯარო სკოლაში. ფორმა იყიდება ჭდეებით (ბირკებით) და ცალკეულ შეფუთვებში, წარმოდგენილია სხვადასხვა ზომა.

Shkola - 1

Jnews დაინტერესდა შეკრებილი მშობლების აზრით, არიან თუ არა ისინი კმაყოფილნი სასკოლო ფორმის ხარისხით. მშობლებმა აღნიშნეს, რომ კმაყოფილნი არიან როგორც ხარისხით, ისე თავად სასკოლო ფორმის შემოღების იდეით.

„უფროსკლასელებისთვისაც რომ იყოს ფორმის შეძენის შესაძლებლობა, ძალიან კარგი იქნებოდა. ასე კი გვიწევს თავსატეხის გაჩენა, თუ რა ჩაიცვან სკოლაში. პირველ რიგში, ეს ხელმისაწვდომია და ყველასთვის ერთნაირია. ეს ბავშვებს ბულინგისგან დაიცავს, რადგან ყველას ერთნაირად ეცმევა. აღარ იქნება ასეთი გაგება: ვინ არის მდიდრულად ჩაცმული და ვინ უფრო იაფად ყიდულობს ტანსაცმელს მარკეტფლეისებზე“, — განაცხადა ერთ-ერთი პირველკლასელის დედამ.

აღვნიშნავთ, რომ გოგონებისა და ბიჭების სასკოლო ფორმა ფერით განსხვავდება. ბიჭების კომპლექტში შედის პიჯაკი და ორი წყვილი შარვალი, ხოლო გოგონების კომპლექტში — პიჯაკი, ქვედაბოლო და შარვალი. პიჯაკებზე საქართველოს გერბია გამოსახული.

შეახსენებთ, რომ პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-დან 14 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი საქართველოს ყველა რეგიონში — როგორც სპეციალურ გაყიდვების წერტილებში, ისე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე formebi.emis.ge. 15 სექტემბრიდან მშობლები ფორმის შეძენას მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის საშუალებით შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესების თანახმად, სასკოლო ფორმის საფასურის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება. უშუალოდ გაყიდვების ფიზიკურ ობიექტებში გადახდა საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი.

ონლაინ შეძენისას მიწოდებას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს. მიტანის ღირებულება თბილისში 5 ლარს შეადგენს, ხოლო რეგიონებში — 7 ლარს. ფორმის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მიწოდების ვადა 5-7 დღეა.

თუ კურიერი ვიზიტისას ვერ შეძლებს ამანათის ჩაბარებას, საქონელი იმავე დღეს დაბრუნდება „საქართველოს ფოსტის“ შესაბამის სერვისცენტრში და იქ არაუმეტეს სამი სამუშაო დღისა შენარჩუნდება. ამ პერიოდის განმავლობაში შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ დაუკავშირდება მიმღებს სერვისცენტრიდან ნივთის გატანის მიზნით. თუ საქონლის გატანა მითითებულ ვადაში არ მოხდება, ის შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ დაუბრუნდება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე