ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ მურჯახეთში ორი ქვა უკვე მრავალი თაობაა ადგილობრივი ლეგენდების ნაწილად რჩება. მაცხოვრებლები ერთ-ერთ მათგანს „კათ“-ის ქვას — „რძის ქვას“ — უწოდებენ და სჯერათ, რომ მას განკურნება და სურვილების ასრულება შეუძლია. ამბობენ, რომ მეორე ქვა მისი „ძმაა“. ნამდვილად ფლობენ თუ არა ეს ქვები უჩვეულო ძალას და შეეძლო თუ არა ერთ-ერთ მათგანს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადგილმდებარეობის შეცვლა — ეს ის საიდუმლოა, რომლის ამოხსნასაც ადგილობრივები მეცნიერებს სთავაზობენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში, ქართული სასაფლაოს ტერიტორიაზე, მდებარეობს დიდი მართკუთხა ქვა, რომელიც, ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, დიდ ძალას ფლობს: ასრულებს სურვილებს, კურნავს ავადმყოფებს და განსაკუთრებით ეხმარება ახალგაზრდა დედებს, რომლებიც სთხოვენ, რომ ჩვილების გამოკვებისთვის ბევრი რძე ჰქონდეთ.
სწორედ ამიტომ ეწოდა ქვას „კათ ქარ“, რაც სომხურიდან თარგმანში „რძის ქვას“ ნიშნავს. სოფელში ორი ასეთი ქვაა. ორივე მათგანი უამრავი ლეგენდითაა გარშემორტყმული.
მურჯახეთი მრავალეროვანი სოფელია. აქ სომხები და ქართველები ცხოვრობენ. ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სოფელში ბერძნები და თურქებიც ცხოვრობდნენ.
მურჯახეთის მცხოვრები ენოქ ბაბაჯანიანი ყვება, რომ სოფლის ისტორია უკავშირდება მოვლენებს, რომელთა შესახებაც ადგილობრივები თაობიდან თაობას გადასცემენ.
ადგილობრივი გადმოცემების თანახმად, XVI საუკუნეში სოფლის ტერიტორიაზე დიდი ბრძოლა — „მურჯახეთის ბრძოლა“ მოხდა.
„აქ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით სასაფლაოებს“, — ასრულებს თავის თხრობას ენოქი.
სოფელში უხსოვარი დროიდან არსებობს ორი ქვა, რომლებიც, მცხოვრებთა თქმით, წმინდა ძალას ფლობენ. მურჯახეთელებს ეს ისტორიები მშობლებისგან სმენიათ. ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, თუმცა ქვების სასწაულმოქმედი ძალისადმი მცხოვრებთა რწმენა ამით არ გამქრალა.
სოფელში არსებული ლეგენდის თანახმად, მურჯახეთში და-ძმა ცხოვრობდა. იმისათვის, რომ მტერს ისინი ვერ მოეკლა, და ღმერთს ევედრებოდა და უზენაესს სთხოვდა, ქვად ექცია ისინი. ასეც მოხდა. გაქვავების მომენტში და ფეხზე იდგა, ძმა კი იწვა. სწორედ ამიტომ, ერთი ქვა ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, ხოლო მეორე — ვერტიკალურში.
ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით მდებარეობენ. „და“ ყოფილი ქართული სასაფლაოს ტერიტორიაზეა, ხოლო „ძმა“ — სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში. ზოგიერთი ადგილობრივი ყვება, რომ სიბნელის დადგომასთან ერთად ამ ქვაზე სინათლეს ხედავს.
სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებულ ქვას „ვიშაპაქარსაც“ (დრაკონის ქვას) უწოდებენ. გავრცელებული წარმოდგენების თანახმად, მსგავს ქვებს იმ ადგილებში დგამდნენ, სადაც სიახლოვეს წყალი იყო, რათა შორიდანვე გამოჩენილიყო და ვაჭრებს დასასვენებლად გაჩერება შეძლებოდათ.
ოდესღაც ვერტიკალურად მდგარ ქვას თავი ჰქონდა, თუმცა ის მოტყდა.
ენოქ ბაბაჯანიანის თქმით, ქვაზე გამოსახული გამოსახულებები ზოგს ჯვარს ახსენებს, ზოგს -ადამიანს, ზოგს კი – ქალის მკერდს.
ზემოდან, თითქოს „და-ქვის“ მკერდიდან, ადგილობრივების თქმით, ადრე ხანდახან წყალი გადმოდიოდა. თუმცა უკვე დიდი ხანია, 15 წელზე მეტია, წყალმა დენა შეწყვიტა. ამის მიზეზს ადგილობრივი მაცხოვრებლები ვერ ხსნიან.
ენოქ ბაბაჯანიანი აღნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში „ქათ ქვა“, სავარაუდოდ, შემობრუნდა. ის ამტკიცებს, რომ ბავშვობაში ქვა სხვანაირად გამოიყურებოდა.
„როდესაც პატარები ვიყავით, ფეხბურთს ვთამაშობდით. ბოძი ჩვენი კარი იყო და ზუსტად მახსოვს, რომ იქიდან ქვა პირდაპირ გვიყურებდა. ახლა ამ ადგილიდან ქვა პირდაპირ აღარ ჩანს“, — ყვება ენოქი და გვიჩვენებს იმ ადგილს, საიდანაც ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდნენ.
დღეს არსებობს 2016 და 2022 წლებში გადაღებული ქვის ფოტოები. ფოტოების შედარებისას ძნელია ცალსახად იმის დადგენა, შეიცვალა თუ არა მისი მდებარეობა.
„კათ ქვა“ 2016 წელს
იმის დასადგენად, ნამდვილად შემობრუნდა თუ არა ქვა, სამეცნიერო კვლევებია საჭირო. სპეციალისტებს შეეძლოთ შეედარებინათ ძველი ფოტოები, გარშემო არსებული ობიექტების მდებარეობა, ქვის თანამედროვე კოორდინატები და ასევე შეესწავლათ მისი საძირკველი.
ენოქ ბაბაჯანიანის თქმით, ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მურჯახეთში თბილისიდან მეცნიერები ჩამოვიდნენ. მათ ქვის წაღება და გამოკვლევა სურდათ.
„როდესაც პატარა ვიყავი, 70-იან წლებში თბილისიდან ჩამოვიდნენ მეცნიერები, რომლებსაც ქვის წაღება ნდოდათ, თუმცა ვერ შეძლეს. თხრიდნენ, რომ საძირკველი ეპოვათ, მაგრამ ვერ მიაგნეს. დაახლოებით მეტრ-ნახევარზე გათხარეს. შემდეგ ვერტმფრენით აწევა და წაღება სურდათ, მაგრამ ჩვენი ადგილობრივები წინ გადაუდგნენ და ნება არ დართეს. მოგვიანებით მოვიდნენ, თაბაშირის ასლი გადაიღეს და ის წაიღეს“, -იხსენებს ენოქი.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი მცდელობა მეორე ქვასთან – „ძმასთან“ დაკავშირებითაც იყო. თუმცა არც მისი წაღება მოხერხდა.
მურჯახეთის მცხოვრებლებისთვის მთავარი საკითხი არ არის ის, ფლობენ თუ არა ქვები ნამდვილად ზებუნებრივ ძალას. მათ უბრალოდ სჯერათ.
რწმენა მშობლებიდან შვილებს გადაეცემა, ხოლო ამბები -უფროსი თაობიდან უმცროსს. წლების განმავლობაში ლეგენდების დეტალები შესაძლოა იცვლებოდეს, თუმცა თვითონ ისტორიები ცოცხლობენ.
საეკლესიო დღესასწაულების დროს ადგილობრივები ქვებთან სალოცავად მიდიან, სანთლებს ანთებენ და სურვილების ასრულებას სთხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ლოცვა უშუალოდ ქვასთან დგომითა და მასზე ზურგით მიყრდნობით არის საჭირო. არსებობს ლოცვის განსაკუთრებული წესიც: იდეალურ შემთხვევაში, „ძმა“ და „და“ ერთდროულად უნდა ლოცულობდნენ. „ძმა“ ქვის აღმოსავლეთ მხარეს უნდა იმყოფებოდეს, ხოლო „და“ — დასავლეთ მხარეს.
ზოგისთვის ეს უბრალოდ ძველი ქვებია, ზოგისთვის — ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ხოლო სხვებისთვის — წმინდა ადგილი, რომელსაც ადამიანის დახმარება შეუძლია.



