ახალქალაქის ცენტრალური სტადიონის რემონტი, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) უნდა განახორციელოს, ჯერ კიდევ არ დაიწყო. კონტრაქტორი კომპანია შპს „სათავე+“ აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია, რომლის გარეშეც სამუშაოების დაწყება არ შეუძლია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალქალაქში, ახალციხესა და ადიგენში ფეხბურთის სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა და გამარჯვებული კომპანია შპს „სათავე+“ გახდა. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 14 280 000 ლარს შეადგენს, ანუ დაახლოებით 4 760 000 ლარს თითოეულ ობიექტზე.
მიმდინარე წლის მაისში Jnews დაინტერესდა კონტრაქტორისგან, თუ როდის დაიწყებოდა ახალქალაქის სტადიონის რემონტი. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებოდა. თუმცა მას შემდეგ ორი თვე გავიდა, ობიექტზე კი სამშენებლო ტექნიკა ჯერაც არ გამოჩენილა.
რედაქციამ კვლავ მიმართა შპს „სათავე+“-ს შეფერხების მიზეზების გასარკვევად. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და სამშენებლო კომპანიას შორის ხელშეკრულება 2025 წლის 6 ნოემბერს გაფორმდა და ძალაშია ხელმოწერის დღიდან 1023 დღის განმავლობაში. ამასთან, ჯავახეთში ზაფხულის სამშენებლო სეზონი მოკლეა, მკაცრი ზამთრის პირობები კი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ მშენებლობის დაწყება შეუძლებელია მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან შესაბამისი ნებართვის გარეშე.
სამუშაოები ჯერ არ დაიწყო. ტენდერი ჩატარდა, მაგრამ სამუშაოების ჩატარების ნებართვა არ მოუციათ. როდესაც სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დავიწყებთ მშენებლობას. მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯერჯერობით ნებართვას არ იძლევა. რატომ არ იძლევიან — არ გვიხსნიან, ჩვენ მშენებლები ვართ“, — განაცხადეს შპს „სათავე+“-ში.
Jnews-ის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა პროექტის გაუქმების ალბათობა, კომპანიაში უპასუხეს:
„თეორიულად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არ ავაშენოთ. თუმცა არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. თუ დამკვეთი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ესე იგი, მშენებლობა არ იქნება“.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ნოემბერში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების უფლება მუნიციპალური განვითარების ფონდს ერთი წლის ვადით გადასცა.
პროექტის თანახმად, სტადიონის ტერიტორიაზე დაგეგმილია დამხმარე შენობების მშენებლობა, მათ შორის ადმინისტრაციული სათავსოების, მწვრთნელებისა და მსაჯების ოთახების, გასახდელების, დაცვის ოთახებისა და სხვა ტექნიკური ობიექტების. გათვალისწინებულია სტადიონის ტერიტორიის შემოსაზღვრა ორმეტრიანი ლითონის ბადისებრი ღობით. ყველა ახალი შენობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და სრულად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
დაფინანსების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქციაზე. დაგეგმილია ძველი საფარის დემონტაჟი, საძირკვლის დაბეტონება, რის შემდეგაც დაიგება 55 მმ სისქის ხელოვნური ბალახის საფარი.
გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია არსებული ტრიბუნის პირისპირ 300 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნის დამონტაჟება. მერიასთან შეთანხმებით, ძველი ტრიბუნაც შენარჩუნდება. ორივე ტრიბუნის აღჭურვა გადახურვით იგეგმება. პროექტი ასევე მოიცავს სტადიონის შესასვლელი ჭიშკრის რეკონსტრუქციასა და თანმდევი ინფრასტრუქტურის შექმნას.