31 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გარდა, დეპუტატებმა საქალაქო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები წამოჭრეს. განხილვისას ცნობილი გახდა, რომ წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობის პროექტი კვლავ განიხილება.
Jnews თავის მასალებში ხშირად ეხება საქალაქო ინფრასტრუქტურის საკითხებს, მათ შორის წყალსადენის მილების შეცვლის ან გაყვანის შემდეგ დაზიანებული ასფალტის საფარის პრობლემას. ასფალტის აყრილი ფენა თვეების, წლების განმავლობაში წყლით ივსება, ფართოვდება და შედეგად, ქალაქის ქუჩებისა და ტროტუარების უმეტესობაზე დიდ-დიდი ორმოები ჩნდება.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები მერიის წარმომადგენლებისგან ასფალტის საფარის აღდგენის ვადებითა და მისი დაზიანებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ზომებით დაინტერესდნენ.
ქალაქში არის ქუჩები, სადაც წყალსადენის გაყვანის სამუშაოები ჩატარდა. იქ, სადაც მილები გაიყვანეს, ასფალტის საფარია აყრილი. როგორც მივხვდით, ეს საკითხი მერიამ კი არ უნდა მოაგვაროს, არამედ კომპანიამ, რომელიც წყალმომარაგებაზეა პასუხისმგებელი. მათ უნდა მივმართოთ, რომ დაკისრებული ვალდებულებები შეასრულონ, თუ რა უნდა გავაკეთოთ? თითქმის ყველა ქუჩაზეა ასეთი მონაკვეთები და გასაგებია, რომ იქ ორმოები ჩნდება. თუ საფარი მათ უნდა აღადგინონ, ესე იგი, უნდა გააკეთონ კიდეც. მაგრამ, როგორც ვხედავთ, წლებია არ არემონტებენ ასფალტს, რომელიც თვითონვე დააზიანეს“, — ჰკითხა მერიის წარმომადგენლებს საკრებულოს დეპუტატმა აკოფ ჩახმახჩიანმა.
როგორც მერიის თანამშრომლებმა განმარტეს, იგეგმება წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობის დაწყება აბლარიდან, სადაც ახალქალაქის წყლის რეზერვუარი მდებარეობს და საიდანაც ქალაქი წყალს იღებს. მათი თქმით, დაგეგმილია ახალი სისტემის აშენება, თუმცა ძველი ქსელით წყლის მიწოდება მანამ არ შეწყდება, სანამ ახალი სისტემა სრულად არ ამოქმედდება. მოსალოდნელია, რომ ახალი სისტემა მომავალში წყლის რესურსების ხარჯვის კონტროლისა და ქალაქში წყლის მრიცხველების დამონტაჟების საშუალებას მოგვცემს.
„ამ საკითხზე მერიაშიც ბევრი წერილი შემოვიდა, რომელიც აღნიშნულ კომპანიას ეხება. ჩვენ მათ ვესაუბრეთ და, მათი თქმით, ამ სამუშაოებს შეასრულებენ, თუმცა კონკრეტული ვადები არ არის. ვიტყვი, რომ აუცილებელია ძველი მილების შეცვლა, რომლებითაც ქალაქი მარაგდება. ეს პროცესი მიმდინარეობს, ახლა დაპროექტების ეტაპზეა. როგორც ნინოწმინდაში შეიცვალა ყველა ხაზი, ისე შეიძლება დაიწყოს ანალოგიური სამუშაოები ახალქალაქშიც“, — განაცხადა ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა.
„თუ ჩვენ გავცემთ ამ სამუშაოების ჩატარების ნებართვას, ესე იგი, უნდა გვქონდეს მათზე კონტროლისა და სანქციების გამოყენების მექანიზმებიც. ჩვენი თხოვნაა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ ამ საკითხს (ასფალტის საფარის აყრასა და მის შემდგომ აღდგენას — რედ.)“, — აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა არმენ მარანგოზიანმა.
ამის შემდეგ დეპუტატები ახალქალაქის ქუჩებში საგზაო მონიშვნების დახაზვის საკითხითაც დაინტერესდნენ. მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოქმედებს გასულ წელს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მონიშვნები შემოდგომაზე უნდა დაიხაზოს. ამან დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ აღნიშნეს, რომ გვიანი შემოდგომისა და ზამთრის შემდეგ მონიშვნებიდან პრაქტიკულად არაფერი რჩება. მათი აზრით, უფრო ლოგიკურია ასეთი სამუშაოების გაზაფხულზე ან ზაფხულში ჩატარება, როდესაც ქალაქში უცხოეთიდან ბევრი სტუმარი ჩამოდის და ავტომობილების მოძრაობაც უფრო ინტენსიურია. საპასუხოდ, მერიის თანამშრომლები დაჰპირდნენ, რომ ეცდებიან საგზაო მონიშვნების დახაზვის ვადები შემოდგომიდან უფრო ადრეულ პერიოდზე გადაიტანონ.