საქართველოში ამჟამად ჭარბობს ვირუსები, რომლებიც არამძიმე, გაურთულებელ შემთხვევებს იწვევს — ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი და ადენოვირუსი. ეს ვირუსები უმეტესად იწვევს გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს, — ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ცენტრალური საბავშვო საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ძირითადი სიმპტომებია: ხველა და ცემინება, შემცივნება, მაღალი ტემპერატურა, სურდო და ყელის ტკივილი, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე.

გარდა ამისა, იგი განმარტავს, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიც დაფიქსირდა.

„თუ შევაჯამებთ იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ამჟამად ჭარბობს ვირუსები, რომლებიც არამძიმე, გაურთულებელ შემთხვევებს იწვევს — ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი და ადენოვირუსი. ეს ვირუსები უმეტესად იწვევს გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სადაც მიმართვიანობა განპირობებულია არა ფილტვების მძიმე ანთებით, ფიქსირდებოდა „B“ ტიპის გრიპის შემთხვევები. სტაციონარებში, მძიმე მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების დროს, ფიქსირდება არა გრიპის, არამედ კორონავირუსის შემთხვევები. მიმართვიანობის რაოდენობა არ გაზრდილა. მიმართვიანობის მაჩვენებელი თანდათან კლებისკენ მიდის. ველოდებით, რომ ივლის-აგვისტოში მიმართვიანობა კიდევ უფრო შემცირდება.

რაც შეეხება კორონავირუსს, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

როგორც უკვე აღვნიშნე, დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობისას, სტაციონარებში დაფიქსირდა კორონავირუსი. მაჩვენებლები მცირეა, თუმცა ეს იმაზე მეტყველებს, რომ კორონავირუსი არსებობს“, — აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.