2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქმიანობები, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 3 ათას ლარს აჭარბებს საქართველოში
მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით);
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 186 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).
„2026 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების – 2 836 ლარი იყო.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 234.7 ლარი (9.0%).
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2026 წლის 1-ელ კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2 335.9 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8%-ით)
2026 წლის 1-ელ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს,“ – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.