ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. Jnews ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მძღოლებისგან მრავალრიცხოვან საჩივარს იღებს. გზის მოსასწორებელი ბოლო, მცირე მოცულობის სამუშაოები აპრილში ჩატარდა, მას შემდეგ კი პროცესი გაჩერებულია. წვიმების შედეგად გზაზე უზარმაზარი ორმოები გაჩნდა, რის გამოც გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა.

ახალქალაქი-კარწახის გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია. გასულ წელს ასფალტი დაიგო სოფელ კარწახიდან „კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტამდე არსებულ მონაკვეთზე, რომელიც ამჟამად კარგ მდგომარეობაშია. თუმცა, მონაკვეთი ახალქალაქიდან სოფელ კარწახამდე კატასტროფულ მდგომარეობაში რჩება.

ზოგიერთ ადგილას გზის მოსწორებისა და გამაგრების სამუშაოები კი ჩატარდა, მაგრამ არის მონაკვეთები, რომლებიც პრაქტიკულად გაუვალია და დიდ საფრთხესა თუ დისკომფორტს უქმნის როგორც მაცხოვრებლებს, ისე მძღოლებს.

„ამ გზით კარწახის მიმართულებით დიდი ხანია აღარ მივლია. 4 ივნისს მომიწია წასვლა და ძალიან ვინანე. რა თანხაც უნდა შემომთავაზონ, იქ აღარ წავალ — მანქანა ორჯერ დამიზიანდა“, — ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

„გზის გამო სოფელში ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდა. თუ ადრე ქალაქამდე მისვლას 15 წუთს ვანდომებდით, ახლა მთელი საათი გვჭირდება, მანქანები კი გამუდმებით ფუჭდება“, — ჩივის სოფელ ბოზალის მკვიდრი.

კიდევ ერთიმა მაცხოვრებელმა Jnews-ს დაუკავშირდა:

„ვაჩიანში მივდიოდით ნათესავებთან, როდესაც ჩვენ წინ სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახეთ, რომელიც ორმოების გამო გზას ვერ აგრძელებდა. გულში გავივლე, ნეტავ რა მდგომარეობაშია ახლა პაციენტი, რომელიც ამ სასწრაფოს ელოდება-მეთქი“.

ახალქალაქის ციხესიმაგრიდან სოფელ ვაჩიანამდე გზის მონაკვეთს შპს „საგზაო სამმართველო №1“ არემონტებს. ამ ეტაპზე ჩატარებულია გამაგრებითი სამუშაოები და პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება ვაჩიანიდან სოფელ დადეშამდე მონაკვეთს, აქ გზის მოსწორების ბოლო სამუშაოები აპრილში ჩატარდა, თუმცა წვიმების შედეგად გაჩენილი ორმოების გამო გზა კვლავ სავალალო მდგომარეობაშია.

შპს „საგზაო სამმართველო №1“-ის სამუშაოთა მწარმოებელმა (პრორაბმა), ედიკ მიქაელიანმა განაცხადა:

„დადეშიდან კარწახამდე გზის მონაკვეთი ჯერ კიდევ პროექტირების სტადიაზეა. პროექტზე თბილისში მუშაობენ, რის შემდეგაც გაფორმდება კონტრაქტი და სამუშაოებიც დაიწყება“.

კითხვაზე, თუ რომელი ორგანიზაცია შეასრულებს საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს, მან უპასუხა:

„ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა ჩვენ გადმოგცენ, თუმცა ამ მომენტისთვის ვერ გეტყვით, რომელ კომპანიასთან გააფორმებენ ხელშეკრულებას“.

Jnews-ი ასევე დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, სადაც გვიპასუხეს, რომ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ერთ კვირაში განახლდება. თუმცა, კითხვაზე, თუ რა იგეგმება უშუალოდ დადეში-კარწახის მონაკვეთზე, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

Jnews არაერთხელ შეხებია ამ საკითხს. როგორც კი ახალი ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი, ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით ამ მეტად მნიშვნელოვან თემას.