ჩინეთთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მზარდ ტრენდს ინარჩუნებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის დასაწყისში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 45%-ით, ტურიზმი 48.6%-ით, ფულადი გზავნილები 500%-ით, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. მისი განმარტებით, საუბარია ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომლის შესახებ შეთანხმებასაც მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.
„ეს მოიტანა სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ და ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე – ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით“, – განაცხადა კობახიძემ.
„ბიზნესპრესნიუსი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გთავაზობთ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას რიცხვებში.
ვაჭრობა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 933.256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 642.704 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა 45%-ით გაიზარდა.
ამასთან, მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან ჩინეთში 255.089 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში – 86.781 მლნ აშშ დოლარის. ზრდამ 194% შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან საქართველოში 678.167 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 555.923 მლნ აშშ დოლარის. ზრდა 22%-ია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი იყო:
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების – 157.556 მლნ აშშ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 46.715 მლნ აშშ დოლარი;
მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 24.510 მლნ აშშ დოლარი;
კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 11.506 მლნ აშშ დოლარი;
ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებლად – 4.469 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებულ ტოპ-5 პროდუქტს:
დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები – 32.861 მლნ აშშ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები – 24.906 მლნ აშშ დოლარი;
ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, სიგანით 600 მმ ან მეტი – 21.536 მლნ აშშ დოლარი;
მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – 20.522 მლნ აშშ დოლარი;
ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები – 18.889 მლნ აშშ დოლარი.
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 48.6%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს ჩინეთიდან 20 612 ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში – 13 875.
ფულადი გზავნილები
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, ჩინეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 500%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2026 წლის აპრილში ჩინეთიდან საქართველოში 563.8 ათასი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2025 წლის აპრილში – 94.4 ათასი დოლარი.
რაც შეეხება საქართველოდან ჩინეთში განხორციელებულ გადარიცხვებს, აქ ზრდა 22%-ს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის აპრილში საქართველოდან ჩინეთში 206.5 ათასი დოლარი გადაირიცხა, ხოლო 2025 წლის აპრილში – 169 ათასი დოლარი.
ინვესტიციები
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ჩინეთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში მოხვდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ჩინეთმა საქართველოში 12.437 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ინვესტორი ქვეყნების სიაში მე-10 ადგილი დაიკავა.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. 2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციამ 11.169 მლნ დოლარი შეადგინა.
წყარო bpn.ge