ბოლო დროს 5-6 წლის ბავშვების მშობლები ახალქალაქის საავადმყოფოდან იღებენ ზარებს შვილების სისხლში ტყვიის დონის შესამოწმებლად. ეს ანალიზი უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება. ახალქალაქში ყოველთვიურად 41 ბავშვს აკვლევენ და ეს ანალიზი უკვე ზედიზედ მეორე თვეა ტარდება.
Jnews-ი ახალქალაქის რეგიონული საავადმყოფოს პედიატრს, მარიანა ამბარცუმიანს ესაუბრა.
„დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან ვიღებთ სპეციალურ სიებს, რომელთა შესაბამისადაც ბავშვებს ტყვიის შემცველობის კვლევაზე ვპატიჟებთ. სისხლს ბავშვის თითიდან ვიღებთ, რაც სრულიად უმტკივნეულოა“.
კითხვაზე, თუ რატომ აკვლევენ სწორედ 5-6 წლის ასაკის ბავშვებს, ექიმმა უპასუხა, რომ სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია სისხლში ტყვიის დონე კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე დავინტერესდით, გამოვლინდა თუ არა ტყვიით მოწამვლის რაიმე შემთხვევა, თუ ეს პროფილაქტიკური გამოკვლევაა, რაზეც ექიმმა გვიპასუხა:
„რაიმე პრობლემის შესახებ არ გავუფრთხილებივართ, სავარაუდოდ, ეს პროფილაქტიკური გამოკვლევებია, თუმცა სინანულით უნდა აღვნიშნო, რომ 41 ბავშვის მშობელი გამოვიძახეთ, რომელთაგან ანალიზზე მხოლოდ 9 მოვიდა. 9 ბავშვის ანალიზის პასუხები უკვე მოვიდა და ყველა სუფთაა“.
ტყვია ტოქსიკურია და იმით არის საშიში, რომ ორგანიზმში მოხვედრისას არ იშლება, არამედ გროვდება. დროდადრო მან შესაძლოა შეაღწიოს სისხლში და გამოიწვიოს ტყვიით გამოწვეული დაავადებები. სკოლამდელი ასაკის ბავშვების ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარეა ტყვიის ზემოქმედების მიმართ, ვინაიდან მათი ნერვული სისტემა ჩამოყალიბების სტადიაშია.
ბავშვების ჯანმრთელობაზე ტყვიის ზეგავლენის მთავარი მაჩვენებელი სისხლში მისი შემცველობაა, სისხლში ტყვიის ნორმატიული შემცველობა კი მუდმივად გადაიხედება. მთელი რიგი ფართომასშტაბიანი პროგრამების შედეგებმა დაადასტურა, რომ ბავშვის სისხლში ტყვიის კონცენტრაციის 10-დან 20 მკგ/დლ-მდე ყოფნისას, მისი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) მცირდება.
ტყვიით მოწამვლა იწვევს აგრესიას, განვითარების შეფერხებას, გაფანტულობას, ჰიპერაქტიურობას, ქცევის ცვლილებებსა და სმენის დაკარგვას. ტყვიის მაღალი დოზები იწვევს გონებრივ ჩამორჩენილობას, კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. მოზრდილთა ჯანმრთელობაზე ტყვიის მავნე ზემოქმედება მოიცავს არტერიული წნევის მატებას, ნერვული და რეპროდუქციული სისტემების მუშაობის დარღვევას, ასევე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევას.