ერთი თვის წინ, სოფელ კორხის სარწყავი წყლის წყალშემკრების ნგრევის შედეგად, ნათესები დაიტბორა, რამაც სოფლის მცხოვრებლებს უზარმაზარი ზარალი მიაყენა, რადგან მათ უკვე მოესწროთ კარტოფილის დარგვა და მიწების განოყიერება. დღეის მდგომარეობით, დაზარალებულმა მცხოვრებლებმა ვერც დატბორილი ყანების აღდგენა შეძლეს და ვერც ახლის დათესვა. პრობლემა სოფელ კორხის წყალსაცავის გამო წარმოიქმნა, რომელიც მთის წყაროებითა და ნალექებით აივსო და დაინგრა. ძლიერმა ტალღამ გზად ყველა ყანა წალეკა.
სოფელ კორხში მერის წარმომადგენლის, გარნიკ განდილაიანის ინფორმაციით, შეფასების მომენტში წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალის ზუსტი მასშტაბი გაურკვეველი რჩებოდა. თუმცა, უკვე მაშინ აშკარა იყო, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, რადგან კარტოფილის დასარგავად დიდი თანხები ჰქონდათ დაბანდებული.
წყლის ქვეშ მოექცა დაახლოებით 100–120 ჰექტარი მიწა. წინასწარი მონაცემებით, დაზარალდა დაახლოებით 40 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი, ხოლო მოსავალი მთლიანად განადგურდა კარტოფილით დათესილ 5 ჰექტარზე და მარცვლეულით დათესილ დაახლოებით 6-7 ჰექტარზე. ამასთან, რჩებოდა ალბათობა, რომ მიწების ნაწილის აღდგენა გაშრობის შემდეგ მოხერხდებოდა.
იმ ნაკვეთებზე, სადაც წყლის ნაკადი ნაკლებად ძლიერი იყო და უშუალოდ ნათესებზე არ გაუვლია, ზარალი შედარებით მცირე აღმოჩნდა. ძირითადად, იქ ქერი და მარცვლოვანი კულტურები მოჰყავდათ. ყველაზე სერიოზულად კარტოფილის ყანები დაზიანდა: იმ ადგილებში, სადაც წყალმა ძლიერ, პირდაპირ ნაკადად გადაუარა, მოსავალი მთლიანად წაიღო.
მიწების დატბორვიდან ერთი თვის შემდეგ მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ზარალი არ აუნაზღაურდათ და ამას უკვე აღარც ელიან. მიწა არ გაშრებულა და დასათესად უვარგისია, ასევე არ გამოყოფილა მიწა იმისთვის, რომ მათ მოსავალი ხელახლა მოეყვანათ.
„არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ყანები ისე დარჩა, იქ ყველგან ქვებია. ამ მიწებზე დათესვა შეუძლებელია. პირადად ჩვენი ზარალი — 15 ასეული (მეასედი) მიწის მოსავალი და 45 ასეული ქერია, სხვების კი — 30 ასეული კარტოფილი, 40 ასეული კარტოფილი. ეს მხოლოდ ისაა, რაც მე ვიცი. მერიისთვის არც მიგვიმართავს. სოფელში მერიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მიწები დაზღვეული არ არის და დახმარება არ იქნებაო. მაგრამ თქვეს, რომ აუზს აღადგენენ, თუმცა როდის — არ ვიცი. დაზარალებულებიდან კარტოფილი ხელახლა არავის დაურგავს, რადგან სხვა ყანა უნდა დამუშავებულიყო, გადაუღებელი წვიმების გამო კი ეს ვერ მოხერხდა. არ ვიცი, ვნახოთ, რა იქნება“, — ამბობს სოფელ კორხის ერთ-ერთი დაზარალებული მცხოვრები.
სოფელ კორხის რწმუნებულმა, გარნიკ განდილაიანმა განაცხადა, რომ წელს მიწების დათესვა უკვე ვეღარ მოხერხდება, თუმცა მერია მომავალი წლისთვის მიწების ქვებისგან გაწმენდაში დაეხმარებათ.
„მე განცხადებით მივმართე მერიას. მიპასუხეს, რომ აუზის აღდგენაში დაგვეხმარებიან, მაგრამ, ისევ და ისევ, ამინდი არ უწყობს ხელს. მერის მოადგილემ წერილი გუბერნიაში ან თბილისში გაგზავნა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, პასუხი ჯერ არ არის. ჩვენ ჯერ ველოდებით, რომ მიწა გაშრეს, რადგან წყალი ნიადაგში ჩაიღვარა და არის ადგილები, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის გამშრალი. გუშინ საგანგებოდ შევამოწმე, შესაძლებელი იყო თუ არა იქ ტექნიკით მუშაობა, მაგრამ ტექნიკის შეყვანა შეუძლებელია. მერი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ საჭიროა ტრაქტორი ტერიტორიის წყლის მიერ ჩამოტანილი ქვებისგან გასაწმენდად. საქმე ისაა, რომ წვიმიანმა ამინდებმაც შეგვიშალა ხელი და მუშაობის საშუალება არ მოგვცა. რამდენიმე ყანაში კარტოფილი მაინც გადარჩა, მაგრამ მათში, რომლებიც აუზთან იყო — არა. სამი დღე წყალი იდგა და მიწაში იჟღინთებოდა. იქ მოსავალი გადარჩა, ხოლო იქ, სადაც ნიაღვარმა წაიღო — არა. კარტოფილი უბრალოდ წარეცხა, დაახლოებით მიწის ნახევარი-ორი ჰექტარი დაზარალდა. ასევე დაზიანდა ქერი და მარცვლეული 6–7 ჰექტარზე“, — გვიპასუხა გარნიკ განდილაიანმა.
ახალქალაქის მერის მოადგილემ, მკრტიჩ მგდესიანმა Jnews-ს აცნობა, რომ მათ სიტუაციისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია თბილისში გადააგზავნეს და პასუხი ჯერ არ მიუღიათ.